"დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება" - ამის შესახებ კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდა კვლევა, ან ვინ და რის გამო შეამოწმა არენა, რომელზეც სულ რაღაც 4 თვის წინ 60 ათასამდე ადამიანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა.
ერთა ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრებად არენის კარი პირველი ტაიმის შემდეგ იმ ადამიანებისთვისაც გაიღო, რომლებმაც ბილეთის ყიდვა ვერ შეძლეს. შესაბამისად, ტრიბუნებზე მეტი ადამიანი იყო, ვიდრე რეალურად იტევს.
კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო „დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.
„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"დინამო არენას" რეაბილიტაცია სამშენებლო კომპანია "დაგიმ" 2015 წელს განახორციელა.
კომპანიას 638,7 მლნ აშშ დოლარის ტენდერები აქვს მოგებული. წილის ფლობა კი, ასე ნაწილდება: 75% გიორგი გულორდავა. 25% თამარ ჩხეტია. დირექტორი მიხეილ შარანგია.
კომპანიის მფლობელებს 40 000 ლარი აქვთ შეწირული ნაციონალური მოძრაობისთვის 2012 წელს.
სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის. უეფას სუპერთასის ფინალისთვის რეაბილიტირებული არენას რემონტი 8 წლის წინ 14 მლნ ლარი დაჯდა.
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.
BM.GE-მ პოზიციის და კვლევის დეტალების გასაგებად "დინამოს" მიმართა და პასუხს ამ დრომდე ველოდებით, რომლის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. ასევე, როგორც ველით პასუხს მთავრობისგან, როდის და ვინ ჩაატარა კვლევა.
ახალი სტადიონი და პრემიერის დამოკიდებულება
თბილისთან ახალი, 70 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი რომ უნდა აშენდეს, პრემიერ-მინისტრმა 3 თვის წინ დააანონსა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
არ ვიცით მათ შორის არც ის, დაახლოებით რა დაუჯდებათ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი სტადიონი, რომელმაც კობახიძის თქმით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2028 წლის ფინალს უნდა უმასპინძლოს. სწორედ ამ განაცხადის გაკეთებას გეგმავს საქართველო უეფა-ში.
სჭირდება თუ არა საქართველოს ამ მასშტაბის ახალი სტადიონი დედაქალაქში, სადაც უკვე არსებობს "დინამო არენა", რომელიც მხოლოდ სანაკრებო მატჩების დროს ივსება და ხომ არ დაკარგავს არსებული, ისტორიული სტადიონი ფუნქციას, ამ კითხვებს პრემიერი მიუღებლად მიიჩნევს და „პოლიტიკურად მიკერძოებულს“ უწოდებს.
პრემიერი რეაგირებს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ახალი სტადიონის მიზნობრიობას და დასახარჯ თანხებს ეხება.
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს სავარაუდოდ BM.GE-ის მასალას გამოეხმაურა.
ტატო ბაციკაძე - "ახალი სტადიონის აშენება ცუდი არ არის, თუმცა ამჟამად საჭიროებას ვერ ვხედავ"- საფეხბურთო კომენტატორი"
პრემიერმა თქვა: „ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც [სტადიონის მშენებლობას] კი გამოუჩნდა კრიტიკოსები. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება, დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული, როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ბოლომდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, იყო სხვა მასალები და იგივე კონტექსტში დასმული სხვა კითხვებიც
- რაგბის კავშირი - "[ახალი სტადიონი] ვის ბალანსზეც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, თავის თავს შეინახავს"
- კომენტატორი სანდრო ცნობილაძე - სტადიონის აშენება რამდენად მოსწრებადია და რამდენად რეალისტური, ესაა საინტერესო
- ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი - "ახალი სტადიონის მშენებლობა ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც ახლა არ გვაქვს“
- ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი - "შეიძლება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ ყველაფერი მოთხოვნიდან გამომდინარეა"
BM.GE კვლავ გააგრძელებს კითხვების დასმას ყველა მხარესთან, ვინ ააშენებს, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს და რა მიზნობრიობა აქვს ახალ სტადიონს, ახალ აეროპორტთან.
რა დაუჯდება საქართველოს ახალი სტადიონის აშენება? - საერთაშორისო პრაქტიკა