საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რომლის საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ დოლარია, ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება
„ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში,“- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-თან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა და 2023 წელს პროექტი შპს “ბლექ სი პეტროლიუმს” გადააბარა. აღსანიშნავია, რომ "ფაზის ოილი", რომელმაც ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმო 7 წელი ვერ ააშენა, სახელმწიფომ დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა.
ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი - მიხეილ ჭკუასელი. შპს “ბლექ სი პეტროლიუმ"-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს "თრეიდ სთოუნ იბერია"-ს.