სახელმწიფომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე პასუხისმგებელი ინვესტორი "ფაზის ოილი", რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმისგან გაათავისუფლა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის 13 მარტს გამოცემული დადგენილების საფუძველზე კომპანიას ჯარიმა ჩამოეწერა. ქონების ეროვნული სააგენტო ჯარიმის ჩამოწერის მიზეზებზე არ საუბრობს, მთავრობის დადგენილება კი საჯარო არ არის.
“ფაზის ოილს” სოფელ ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე სახელმწიფოსთან შეთანხმების საფუძველზე ნავთობგადამმუშავებელი საწარმო უნდა აეშენებინა. კომპანიამ ვალდებულებები შესრულება ვერ შეძლო, შესაბამისად, როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, "ფაზის ოილს" პირგასამტეხლო დაეკისრა. აღსანიშნია, რომ გასულ წელს პროექტი შპს “ბლექ სი პეტროლიუმს” გადაბარდა.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „SOCAR Georgia Investments”-ს, (ამჟამად - შპს „ფაზის ოილი“) შორის 2012 წლის 26 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 20 058 000 (ოცი მილიონ ორმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და 2 024 000 (ორი მილიონ ოცდაოთხი ათასი) ლარს”, - წერია ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობით პასუხში.
კითხვაზე თუ რა ახალი საინვესტიციო პირობებით გადაეცა ახალ ინვესტორ კომპანიას ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი, ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 1 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე "ბლექ სი პეტროლიუმმა" 30 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
“კომპანიის ვალდებულებად განისაზღვრა: „კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების/ განაშენიანების დეტალური გეგმის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments”-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის No 30/03/08 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნავთობ გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ამავე ქონებაზე ან მის ნაწილზე ამავე გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის (რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს ელექტროგადამცემ ხაზ(ებ)ს, მილსადენ(ებ)ს, გზა(ებ)ს, რკინიგზის ლიანდაგს) მოწყობის/მშენებლობის პროცესში 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის განხორციელება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) 2028 წლის 31 მარტამდე“, - განგვიცხადეს ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის. თავად მაკა ასათიანი ამჟამად საქართველოში "მერსედესის" ოფიციალური დილერის, შპს "აკას" მეწილეცაა და კომპანიის 27%-ს ფლობს.
BM.GE კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" დირექტორსაც დაუკავშირდა და კითხვებით მიმართა, თუმცა კომპანიისგან ინფორმაცია, თუ რა პროცესები მიდის ადგილზე, ამ დრომდე არ მიგვიღია.
ცნობისთვის, ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა.
არსებული მდგომარეობით "ფაზის ოილის" 50%-50%-იანი წილები ბიზნესმენებს გია შავდიას და ჯაბა ანიკაშვილს ეკუთვნის.