მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ასათიანის კომპანია ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

640f1ddf7fd98
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.23 17:07
6398

ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა არის დაგეგმილი - პროექტს კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენმა მაკა ასათიანმა დააფუძნა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტორი პროექტში $30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.

ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჯერ კიდევ 2012 წელს მოხდა ტერიტორიის გამოყოფა სახელმწიფოს მიერ "სოკარ ჯორჯიასთვის", შემდგომში ეს ჩანაცვლდა "ფაზის ოილით". ვერ მოხდა რეალურად პირობების შესრულება, რაც მთავრობამ განუსაზღვრა ინვესტორებს. მნიშვნელოვანი იყო აქ ისეთი წარმოების განვითარება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებდა. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ ინვესტორთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება რომ ახალი პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საბოლოოდ საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა ახალი სამრეწველო კომპლექსის სახით, სადაც მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით ნავთობპროდუქტების გადამუშავება.

ეს იქნება რამდენიმე ფაზის პროექტი, რასაც განვითარების რამდენიმე ეტაპი ექნება და ჩვენ საკმაოდ კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც მინიმუმ 30 მილიონი დოლარი ჩაიდება და რამდენიმე ეტაპზე ეს ტერიტორია განვითარდება. ჩვენი მოლოდინით ახალი ინვესტორი უკვე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

მაკა ასათიანი საქართველოში "მერსედესის" ოფიციალური დილერის, შპს "აკას" მეწილეცაა და კომპანიის 27%-ს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები