„მგონია, დინამოს იმ დონემდე მიყვანა, რომ ჩემპიონატს უმასპინძლოს არის აბსოლუტურად გადაწყვეტადი ამოცანა“ , - ამის შესახებ BM.GE-სთან საფეხბურთო კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობისას, უნდა განისაზღვროს მისი მიზნობრიობა, რომ თავი შეინახოს.
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ, ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს სტადიონი სპორტის ორ სახეობას - ფეხბურთსა და რაგბის მოემსახურება.
კომენტატორის თქმით, სტადიონების აშენების საჭიროება არის ყოველთვის და რაც მეტი სპორტული, მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურა იქნება ქვეყანაში, უკეთესია. თუმცა, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება ჩემპიონთა ლიგამდე რამდენად მოსწრებადია, კითხვის ნიშნებს ბადებს.
„სტადიონების აშენების საჭიროება არის ყოველთვის და რაც მეტი სპორტული, მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურა იქნება, უკეთესია. უბრალოდ უნდა განისაზღვროს ამ სპორტული ნაგებობის მიზნობრიობა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ, ძალიან მაგარი ამბავია და თუ დაგვიმტკიცეს, ხომ საერთოდ. უბრალოდ, სტადიონის აშენება ცალკე რამდენად მოსწრებადია და ცალკე რამდენად რეალისტური, ესაა საინტერესო. როგორც ვიცი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის განაცხადი ორი სამი წლით ადრე უნდა შეიტანო, ვიდრე ეს მოვლენა ჩატარდება.
როდესაც ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, იმისათვის, რომ მან თავი შეინახოს, ბევრი ღონისძიება სჭირდება, რომელიც მაღალი ხარისხისა და დონის იქნება. ეს იმისათვის, რომ მან თანხა ამოიღოს და თავი შეინახოს. ეს უკვე ეკონომიკური საკითხია. წესით, ეს საკითხი უნდა განისაზღვროს და აქედან გამომდინარე უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის საჭირო, რომ ინფრასტრუქტურული ნაგებობა გვქონდეს. თუ ჩვენ მხოლოდ ნაკრების თამაშებით შემოვიფარგლებით, რომელიც წელიწადში 5-7 თამაშს გულისხმობს და საერთოდ არ არის აუცილებელი თბილისში ითამაშონ, მაშინ ეს სტადიონი ეკონომიკური თვალსაზრისით არამომგებიანი იქნება, მაგრამ თუ კიდევ რაღაცების ჩატარებას ვგეგმავთ, მაშინ ესეც დათვლადია, თუ რამდენი ღონისძიება უნდა ჩავატაროთ და როგორ, რათა რენტაბელური იყოს. სხვა შემთხვევაში, მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ, ამისათვის არის დინამო არენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სუპერ თასის თამაშს უმასპინძლა. მართალია, ჩემპიონატს სხვა სტანდარტები აქვს, მაგრამ მგონია, რომ დინამოს სტადიონის იმ დონემდე მიყვანა, რომ ჩემპიონატს უმასპინძლოს არის აბსოლუტურად გადაწყვეტადი ამოცანა",- განაცხადა ცნობილაძემ.