მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება საქართველოს ახალი სტადიონის აშენება? - საერთაშორისო პრაქტიკა

სტადიონი

თბილისთან ახალი, 70 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი რომ უნდა აშენდეს, პრემიერ-მინისტრმა 3 თვის წინ დააანონსა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

არ ვიცით მათ შორის არც ის, დაახლოებით რა დაუჯდებათ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი სტადიონი, რომელმაც კობახიძის თქმით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2028 წლის ფინალს უნდა უმასპინძლოს. სწორედ ამ განაცხადის გაკეთებას გეგმავს საქართველო უეფა-ში.

BM.GE მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ჯერ პროექტი არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია თანხაზე საუბარი. დამატებითი დეტალები კი, როდის დაიწყება კვლევა, როდის გამოცხადდება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ტენდერები, ჯერ ისევ უცნობია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ - ყველაფერი გახდება ცნობილი".

უეფა-ს ინფორმაციის თანახმად, 2013-დან 2023 წლამდე ყოველწლიურად შენდებოდა საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმ ექვსი ახალი სტადიონი. ამ მხრივ, რეკორდული იყო 2014 და 2017 წლები, როცა 13 ახალი სტადიონი აშენდა. 2023 წელს დასრულდა შვიდი ახალი სტადიონის პროექტი.

საქართველოს ბოლო, ყველაზე დიდი სტადიონი ბათუმის "აჭარაბეთ არენაა", რომლის ტევადობაც მხოლოდ 20 000 ადამიანია. სტადიონი 2020 წელს გაიხსნა და 141 მილიონი ლარი დაჯდა.

სტადიონების მშენებლობა რომ რთული და რისკებით სავსე ძვირად ღირებული პროცესია, რომელსაც მუდმივად ახლავს თან მოსალოდნელზე მეტი ხარჯი, ამის საუკეთესო მაგალითი Nou Mestella-ა. ვალენსიის ახალი საშინაო მოედნის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი ფინანსური და მარეგულირებელი დაბრკოლებების შედეგად ჯერ არ დასრულებულა.

და მაინც, რა ღირს ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება?

სანამ მთავრობა მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის, შეგვიძლია მხოლოდ ვისაუბროთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, როგორია ევროპასა და აზიაში აშენებული საფეხბურთო და ოლიმპიური სტადიონების ღირებულება. განსაკუთრებით საინტერესოა ისინი, რომელთა ტევადობაც 70 000-თან ახლოსაა.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი

სტადიონი 2015 წელს გაიხსნა. ღირებულება კი, $600 მილიონია. სტადიონზე საერთო ჯამში, 69,870 ადგილია, აკმაყოფილებს უმაღლესი საერთაშორისო სტადიონების ყველა სტანდარტს. სწორედ ბაქომ უმასპინძლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს.

კრესტოვსკის სტადიონი. პეტერბურგი

სტადიონი 2017 წელს გაიხსნა და მისი აშენება რუსეთს $670 მილიონი დაუჯდა. სტადიონი 68 172 ადამიანს იტევს. 2017 წელს სტადიონმა კონფედერაციის თასის მატჩებს უმასპინძლა, 2018 წელს მასზე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 7 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის სტადიონი (ვესტ ჰემი)

სტადიონი 2012 წელს გაიხსნა. სპეციალურად ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის 80-ათასიანი არენის აგება ბრიტანეთს 2 მლრდ ფუნტზე მეტი დაუჯდა.

Tottenham Hotspur გაერთიანებული სამეფო

62 850 ადამიანის ტევადობის სტადიონი 2019 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 1 მლრდ ევრო დაჯდა.

კატარი

სტადიონების მშენებლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატარის ბოლო გამოცდილებაა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ცალსახად არასაფეხბურთო ქვეყანას 8 სტადიონის აშენება, ან სრული რეკონსტრუქცია მოუხდა. ბიუჯეტი და ტევადობა ასეთია:

  1. “ალ ბაიტი’’ - $847 მილიონი. ტევადობა: 60 000;
  2. "ალ ჯანუბი" - $700 მილიონი. ტევადობა: 40 000;
  3. "ალ თუმამა" - $342 მილიონი. ტევადობა: 40 000;
  4. ლუსაილი" - $767 მილიონი. ტევადობა: 80 000;
  5. "აჰმად ბინ ალი" - $360 მილიონი. ტევადობა: 40 000;
  6. განათლების ქალაქის სტადიონი" - $653 მილიონი;
  7. "ხალიფას საერთაშორისო სტადიონი" - $280 მილიონი. ტევადობა: 40 000;
  8. კვლავ უცნობია, Stadium 974 მშენებლობის ღირებულება, რომელიც კონტეინერებისგან აშენებული ნაგებობა იყო.

ყველა მონაცემით და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ბიუჯეტს 70 000 ადამიანზე გათვლილი, ინგლისური ტიპის სტადიონი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა შეუძლია, მინიმუმ $600 მლნ დაუჯდება. თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას.

სჭირდება თუ არა საქართველოს ამ მასშტაბის ახალი სტადიონი დედაქალაქში, სადაც უკვე არსებობს "დინამო არენა", რომელიც მხოლოდ სანაკრებო მატჩების დროს ივსება და ხომ არ დაკარგავს არსებული, ისტორიული სტადიონი ფუნქციას, ამ კითხვებს პრემიერი მიუღებლად მიიჩნევს და „პოლიტიკურად მიკერძოებულს“ უწოდებს.

პარასკევს, ირაკლი კობახიძე პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს სავარაუდოდ BM.GE-ის მასალას გამოეხმაურა.

ტატო ბაციკაძე - "ახალი სტადიონის აშენება ცუდი არ არის, თუმცა ამჟამად საჭიროებას ვერ ვხედავ"- საფეხბურთო კომენტატორი"

პრემიერმა თქვა: „ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც [სტადიონის მშენებლობას] კი გამოუჩნდა კრიტიკოსები. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება, დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული, როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ბოლომდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, იყო სხვა მასალები და იგივე კონტექსტში დასმული სხვა კითხვებიც

BM.GE კვლავ გააგრძელებს კითხვების დასმას ყველა მხარესთან, ვინ ააშენებს, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს და რა მიზნობრიობა აქვს ახალ სტადიონს, ახალ აეროპორტთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები