მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ ყველაფერი მოთხოვნიდან გამომდინარეა" - გიორგი ყიფიანი ვაზიანის ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობაზე

გიორგი ყიფიანი

“ლოკომოტივი თბილისის“ ტექნიკური დირექტორი, გიორგი ყიფიანი BM.GE-სთან ახალი სტადიონის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობაც სოფელი ვაზიანის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

მისი თქმით, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისასალმებელია, რადგან აღნიშნული ყოველთვის დეფიციტური იყო. შესაბამისად, ყველა ინიციატივა, რომელიც ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს, მხარდასაჭერია.

„ზოგადად მივესალმები სპორტული ინფრასტრუქტურის ქვეყანაში განვითარებას. თუმცა, აქ ერთი კითხვაა, თუ რისი ეკვივალენტი იქნება. ჩვენ თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ გავზარდოთ ფეხბურთის მასობრიობა და უფრო მეტი სტადიონი გვქონდეს, მაშინ იმ ინვესტიციით, რომლითაც ეს სტადიონი უნდა აშენდეს, შეიძლება ბევრი მოედანი გამოგვსვლოდა. თუმცა, შეიძლება მოთხოვნა უკვე გაჩნდა, დღევანდელი წარმატებების ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს.

ასეთმა სტადიონებმა, შეიძლება მაღალი ხარისხის ტურნირების მასპინძლობა უზრუნველყოს. თუმცა, ცნება, რომ ეს უნდა აშენდეს კონკრეტულად ფინალისთვის და ფინალის დასრულების შემდეგ, დავკეცოთ და წავიღოთ, ბუნებრივია არ იქნება. ჩვენი იქნება ეს სტადიონი თუ აშენდება და შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება, რომ გამოვიყენოთ. ზოგადად დიდი სტადიონების მშენებლობა, სადაც დასწრება არ არის მაღალი, შეიძლება არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ყველაფერი ხდება მოთხოვნიდან გამომდინარე. თუ მიზნობრიობა არის, რომ დიდ ტურნირებს ვუმასპინძლოთ და სანაკრებო თამაშები უნდა ჩატარდეს, მაშინ კარგია. თუ ვსაუბრობთ ჩემპიონატზე, ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის. არის სტადიონები, რომელიც ეკუთვნის კლუბებს და არის სახელმწიფოები, რომლებიც ეკუთვნის სახელმწიფოს, ეს ჩემი აზრით კავშირში არ უნდა იყოს.

დღევანდელი შედეგები ცხადყოფს, რომ ინტერესი გაიზარდა, ფეხბურთში ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდა, შესაბამისად დასწრება სანაკრებო დონეზეც აუცილებლად გაიზრდება. თუ საკლუბო ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ სხვა მიმართულებაა. გვაქვს დასწრების პრობლემა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ, განსხვავებით ბათუმის დინამოსგან, ტორპედოს ქუთაისისგან სადაც უფრო მეტი ადამიანი დადის და სულ გვაქვს ეს კითხვა, თუ რა გასაღებია რითაც შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს. ერთ-ერთი არის გარემო, რომელიც შეიძლება პოტენციურად მოსულ ადამიანს დახვდეს, რაც კიდევ მოსვლის სურვილს გაუღვივებს“,-აცხადებს ყიფიანი.

“ლოკომოტივი თბილისის“ ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ ახალი სტადიონი როდის გახდება მომგებიანი, ამაზე კომენტარს ვერ აკეთებს. თუმცა, იმასაც არ გამორიცხავს, რომ სტადიონმა შეიძლება საკუთარი თავი ვერ დააფინანსოს, მაგრამ მისმა არსებობამ ბევრ სასარგებლო რამეს ხელი შეუწყოს და დარგისადმი დიდი ყურადღება მოიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები