ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი BM.GE-სთან ახალი სტადიონის საჭიროებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს სიტუაციაში მყოფი ღარიბი ქვეყნისთვის, ამხელა ინვესტიციის ბიუჯეტიდან განხორციელება, სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია.
მისი თქმით, საქართველოს მსგავსი შესაძლებლობების ქვეყნებში ასეთი სტადიონები ძირითადად ცარიელი დგას, რადგან კლუბები არ არის, რომელიც ამ სტადიონს აითვისებს.
„სტადიონი არის დიდი ინვესტიცია და ცუდი ინვესტიცია. იშვიათად, რომ სტადიონმა კარგი უკუგება მოგცეს.. როგორც წესი, სივრცე დიდი კლუბის ნაწილში უნდა იყოს და მაშინ არის გამართლებული სტადიონის მშენებლობა. ცხადია, "არსენალსა" და "რეალ მადრიდს" შეუძლიათ სტადიონის აშენება, რადგან დიდი შემოსავლის მქონე კომპანიაა. თუმცა, ჩვენნაირი ქვეყნების შემთხვევაში, ხშირად შენდება ხოლმე ასეთი გრანდიოზული სტადიონები და შემდეგ ცარიელი დგას.იმიტომ, რომ კლუბი არ არსებობს, რომელიც მუდმივად გამოიყენებს.
ერთია, როდესაც კერძო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს და თუ ის ცუდი ინვესტიციაა, კომპანიის პრობლემაა. მაგრამ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება ასეთ რაღაცაში ფულის ჩადება, ეს სინამდვილეში უპასუხისმგებლო ნაბიჯია. როდესაც ბიუჯეტი ასეთ რაღაცაში ფულს ხარჯავს, ფაქტობრივად ვისაც სპორტი მიაჩნია მნიშვნელოვნად და ვისაც არ მიაჩნია მნიშვნელოვნად, ჩვენ ვაიძულებთ, რომ ფული დაიხარჯოს ამაში, რადგან ბიუჯეტის ფული, ხალხის ფულია.
ამიტომ, ჩვენ სიტუაციაში მყოფი ღარიბი ქვეყნისთვის უპასუხისმგებლო და შეუსაბამო გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ის ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც ახლა არ გვაქვს“,- განაცხადა ბედინეიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აეროპორტის სიახლოვეს გადაწყვეტილია თანამედროვე, 70-ათასიანი, წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა.
გეგმის მიხედვით, ამას მოჰყვება საქართველოს დედაქალაქის განაცხადი უეფა-ში ჩემპიონთა ლიგის 2028 წლის ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით.