საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, თორნიკე გოგებაშვილი BM.GE-სთან ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს, რომელიც თბილისთან ახლოს, სავარაუდოდ ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს და აცხადებს, რომ არსებული სტადიონების დატვირთვიდან გამომდინარე, რაგბს სტადიონების დანაკლისი აქვს. ამის გამო კი, სპორტსმენები შესაბამისად ვარჯიშს ვერ ახერხებენ.
მისი ინფორმაციით, ახალი სტადიონის აშენების შესახებ რაგბის კავშირი წლებია აქტიურად მუშაობს. ამასთან, კავშირს მთავრობასთან უკვე ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები და პრეზენტაციაც წარუდგინეს.
„ქართული რაგბი წინ მიიწევს. ჩვენ ვსაუბრობთ 6 ერზე, საქართველოს მასში მონაწილეობაზე. პირველად მოხდა, რომ 18 -წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ტურნირზე მონაწილეობს. რა თქმა უნდა, იზრდება ჩვენს მიმართ მოთხოვნები. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო თანამედროვე სტანდარტების არსებობა.
შესაბამისად, რაგბის კავშირი ამ თემაზე წლებია მუშაობს. ჩვენ, მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები და პრეზენტაციაც წარვუდგინეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით. ამასთან, როგორ უნდა მოხდეს მისი დატვირთვა, თავისუფალ პერიოდებში, რადგან ასეთი მასშტაბური სტადიონის შენახვა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იქნება. შესაბამისად, საჭირო იქნება კომერციული კუთხით დატვირთვა, რომელიც რიგ კონცერტებსა და ა.შ. მოიცავს.
ამ ეტაპზე, მთავრობათა შორისი კომისიის ფარგლებში ეს შეხვედრები გრძელდება, რაშიც რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მთავრობასთან ერთად არიან და ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტადიონის ქვეყანაში არსებობა, რაც ერთი მხრივ რაგბს და მეორე მხრივ ფეხბურთს შესაძლებლობას მისცემს მაღალი რანგის ტურნირებსა და თამაშებს უმასპინძლოს. ეს კი შემოსავლის წყაროა. ამასთან, გაყიდული ბილეთები, კომერციალიზაცია, რეკლამები და ა.შ. სტადიონს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, რომ პარალელურად ვარსკვლავების ჩამოყვანა მოხდეს და კონცერტები გაიმართოს. დათვლილია, წლის განმავლობაში, დაახლოებით 5-6 კონცერტი რომ გაიმართოს საკმარისი იქნება მსგავსი ტიპის სტადიონის შესანახად. ამას ემატება უამრავი სხვა რესურსი, რითაც შეიძლება ეს სივრცე დაიტვირთოს“,- აღნიშნავს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი.
მისივე ცნობით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ ვის ბალანსზე იქნება ეს სტადიონი. ეს იქნება რომელიმე ნაკრების, მთავრობის თუ ერთობლივად განაწილდება.
„საბოლოო ჯამში, ვის ბალანსზეც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი თავის თავს შეინახავს და შესაბამისად, მოგებასაც აჩვენებს. ვფიქრობ ამისთვის, ეს ორი სპორტის სახეობა საკმარისი იქნება. მაგალითად, რაგბის კავშირს 6 ტესტ თამაში აქვს. შესაბამისად, როდესაც განაცხადს ვაკეთებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშინაო სტადიონს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ პრივილეგია გვექნება. იმ ნაწილში, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო მეტი დაინტერესება გაჩნდება, რომ აქ ჩამოვიდნენ და რაგბის მეტად პოპულარიზაცია მოხდეს. ანალოგიურად ფეხბურთის მიმართულებითაც.
გაჟღერდა ვაზიანის ტერიტორია, თუმცა რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, ჯერ კიდევ სხვა ლოკაციებიც განიხილება. ვაზიანი იქიდან გამომდინარე განიხილებოდა, რომ არის საკმარისი ფართი იმისათვის, რომ აშენდეს სტადიონი. თუმცა, სხვა ლოკაციებიც განიხილება და საბოლოო ჯამში, სად ჩამოყალიბდება, ამის გადასაწყვეტად ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, ასევე ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზოგადად ის ორგანიზაციები, რომლებსაც მსგავსი სტადიონების მშენებლობის გამოცდილება აქვთ“,-აცხადებს გოგებაშვილი.
რაც შეეხება არსებული სტადიონების ინფრასტრუქტურის მასშტაბების ზრდას, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტის ინფორმაციით, არსებული სტადიონების, მაგალითად დინამოს მასშტაბების ზრდის არეალი სავარაუდოდ შეზღუდულია, შესაბამისად ძალიან რთული იქნება ამის განხორციელება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს სტადიონი სპორტის ორ სახეობას - ფეხბურთსა და რაგბის მოემსახურება. სივრცე უეფას კრიტერიუმების დაცვით აშენდება და უმაღლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რაც ქვეყანას ყველაზე მაღალი რანგის ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის უფლებას მიანიჭებს. პროექტი შემოდგომისთვის მომზადდება და ის ბრიტანული სტადიონის ანალოგი იქნება.