დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რაგბი ერთ-ერთი ის სპორის სახეობაა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტად განვითარდა. დასტურად ამისა გამოდგება, როგორც რაგბის პოპულარობა, ასევე ის შედეგი, რომლებსაც ჩვენი მორაგბეები აფიქსირებენ. საქართველო მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის მუდმივი წევრია, ხოლო დივიზიონი, რომელშიც ჩვენი ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, სრულად საქართველოს დომინაციის ქვეშაა, რაზედაც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ წელს, ბორჯღალოსნებმა “რაგბი ევროპის” გათამაშება მიჯრით მეშვიდედ მოიგეს. არც ევროპული ელიტის წევრი უელსის დამარცხება უნდა დავივიწყოთ, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 2022 წელს, კარდიფში იზეიმა.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლო დროს, გლობალურ პრესაში სულ უფრო და უფრო აქტიურად წერენ, რომ დროა, “ექვსმა ერმა”, რომელიც ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირია ევროპაში, რეორგანიზაცია განიცადოს და ერთი ან ორი გუნდი დაიმატოს, ხოლო შესაძლო პრეტენდენტებს შორის მთავარი, ცხადია, საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებია. როგორც საქართველოს რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა, მაიკო შიშნიაშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, საქართველოს წევრობა “ექვს ერში” ან მის რეფორმირებულ ტურნირში, სავსებით რეალურია, რისთვისაც რაგბის კავშირი ორგანიზაციასთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს უკვე წლებია, რაც აწარმოებს.
მოდი, დავუშვათ, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველო “ექვს ერში” გაწევრიანდება. ჩნდება კითხვა, თუ რას მოუტანს ეს ტურნირი საქართველოს ეკონომიკას და ქართულ ბიზნესსექტორს? როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, ამ გლობალური ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს, რადგან ქვეყნები, რომლებიც ამ ტურნირში მონაწილეობენ, საკმაოდ განვითარებულები არიან, ხოლო მათი მოსახლეობა, როგორც წესი, ტურისტული ვიზიტების დროს დიდ ფულს ხარჯავს. ამასთან, არც ირიბი ეფექტი უნდა დავივიწყოთ, რომელსაც ეს ტურნირი საქართველოზე, როგორც ბრენდზე მოახდენს, რადგან “ექვსი ერის” მატჩებს, მოგეხსენებათ ათობით მილიონი ადამიანი უყურებს, მსოფლიოს გარშემო.
“ვფიქრობთ, რომ “ექვსი ერის” წევრობას საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი პოზიტიური გავლენა ექნება, რადგან საერთაშორისო დონის პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, თუ რამდენი ადამიანი უყურებს ამ ჩემპიონატს ტელევიზორით, ხოლო ბევრი მათგანი საკუთარ ნაკრებს ფიზიკურადაც დაჰყვება. 2024 წლის სტატისტიკას რომ შევხედოთ, საფრანგეთში, ერთ მატჩს, საშუალოდ, ხუთი მილიონი ადამიანი უყურებდა, მაგრამ ამ ადამიანების გარდა, მოგეხსენებათ, იმ მატჩს და ჩემპიონატს მილიონობით ადამიანი საფრანგეთის გარედანაც ადევნებდა თვალს.
ჩვენი მოლოდინიც ისაა, რომ ამ გულშემატკივრები გუნდებს საქართველოში ჩამოჰყვებიან. შედეგად, “ექვსი ერის” წევრობას ეკონომიკაზე ექნება, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გავლენა. გვესმის, რომ ტურისტულ ადგილებში, ანუ სასტუმროებსა და რესტორნებში დატვირთვა გაიზრდება, მცირე ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, ხოლო საცალო ვაჭრობის ქსელების ბრუნვა გაიზრდება - ყველაფერი ეს, პირდაპირი ეფექტია. თუმცა გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სათანადოდ ვუმასპინძლოთ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოში პირველად ჩამოვლენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა მათ კიდევ მოინდომონ. ცხადია, გაიზრდება საქმიანი ტურიზმიც.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა თოვლის გუნდის პრინციპით გაიზრდება. თან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრებები, რადგან ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა. ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტურნირები ტარდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ახალი ბიზნესები იქმნება, რადგან ჩვეულებრივ ტურისტებს საქმიანი ტურისტები მოჰყვებიან. თან, როგორც ვიცით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც გვაფიქრებს, რომ ქვეყნისთვის ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება”, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა, მაიკო შიშნიაშვილმა “საქმიან საღამოში”.