ევროპაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოახლოებულ სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ საკუთარი აღზრდილებით წარდგება და არცერთი ნატურალიზებული მოთამაშე არ ეყოლება. ასეთი სულ 6 ნაკრებია, თუმცა, დანარჩენები სხვა კონტინენტებს წარმოადგენენ: ჩილე, ურუგვაი, არგენტინა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკა.
ჩემპიონატების შემადგენლობების გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ მხრივ ყველანაირი რეკორდი დაამხო სამოამ, რომელმაც მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციებით სრულად ისარგებლა და 33-კაციან შემადგენლობაში 24 "უცხოელი" შეიყვანა, რომლიდანაც 16 ახალზელანდიელია და 8 ავსტრალიელი.
ევროპულ ნაკრებებს შორის ეს უფლება ყველაზე მეტი "ლეგიონერით" შოტლანდიამ გამოიყენა – 15 მორაგბე, რომელთა შორის 7 ინგლისელია, 4 სამხრეთაფრიკელი, 2 ავსტრალიელი, 1 ირლანდიელი და 1 უელსელი.
აღსანიშნავია, რომ ნატურალიზებულ მოთამაშეებში ყველაზე მეტად ახალზელანდიელები (57) სჭარბობენ, შემდეგ კი, ავსტრალია (17) და საფრანგეთი (17) მოდიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი С ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლება. ქართველი მორაგბეები პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიასთან ჩაატარებენ.