მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზრდება. ქვეყნები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან და ჯამში 16 მათგანი გააგრძელებს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურნირს ემატება მერვედფინალური ეტაპიც, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა.
ჯგუფებიდან პირველ-მეორე ადგილოსნები ჩვეულებრივ გავლენ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ახალი ფორმატის თანახმად მათ უკვე 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანიც მიემატებათ. ეს კარგი შანსია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევია.
2027 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე გაიმართება და რადგანაც ჯგუფებში გუნდების რაოდენობა ხუთიდან ოთხამდე მცირდება, ჯგუფური ეტაპიც 5-იდან 4 კვირამდე დავა.