საფრანგეთში, რომელსაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა 600 მილიონი ევრო დაუჯდა, მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტურნირმა თავი დაგვამახსოვრა პორტუგალიის პირველი გამარჯვებით, ჩილეს დებიუტით და 16 წლიანი პაუზის შემდეგ ფიჯის ჯგუფური ეტაპის დაძლევით. საშუალოდ მატჩებს 47 ათასი გულშემატკივარი ესწრება, ხოლო ფრანგების უკანასკნელ მატჩს იტალიის წინააღმდეგ ტელეარხ TF1-ზე 14.5 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში.
ტურნირით კმაყოფილია “მსოფლიო რაგბის” პრეზიდენტი ბილ ბომონტი, რომელმაც ყურადღება ტიერ 2-ის დონის ქვეყნებზეც გაამახვილა:
“მიუხედავად იმისა, რომ ტონგა, პორტუგალია, ჩილე, სამოა, ურუგვაი და საქართველო ტურნირს გამოეთიშნენ ჩვენ ისინი არ დაგვავიწყდება. ასეთი დონის ქვეყნებს მაქსიმალური რაოდენობის მაღალი დონის ტესტ მატჩები უნდა მივცეთ და სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე მივიწვიოთ იმისათვის, რომ განვითარდნენ და სხვაობა ტიერ 1-სა და ტიერ 2-ის ქვეყნებს შორის შემცირდეს. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შედეგს 2031 წლის აშშ-ს მსოფლიო თასზე მოვიმკით, რომელიც ჩემი აზრით ისტორიაში ყველაზე არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი იქნება” - განაცხადა ბილ ბომონტიმ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ჩემპიონატი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ, ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზე გავედით და მსგავსი შედეგი მხოლოდ ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დავაფიქსირეთ.