საფეხბურთო კომენტატორი, ტატო ბაციკაძე BM.GE-სთან ახალი სტადიონის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისასალმებელია, თუმცა ამის აუცილებელი საჭიროება ქვეყანაში არ დგას.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ახალი, მეგა ტიპის სტადიონის მშენებლობა დააანონსა, რომელიც 70 000 ადამიანს დაიტევს. ის, სავარაუდოდ სოფელი ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და მისი მთავარი მიზანი, 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობაა.
როგორც კომენტატორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ახალი სტადიონის აშენებამ შეიძლება დინამოს ფუნქცია დაუკარგოს. ამასთან, რაგბისა და ფეხბურთის თამაშების ჩატარება სტადიონის შენახვისთვის საკმარისი არ იქნება.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არაერთი უფუნქციო სტადიონია, თანხები, რომელიც ახალი სტადიონის ასაშენებლად უნდა გამოიყოს, არსებული სტადიონების, მათ შორის უფუნქციო სტადიონების განვითარებასა და რეკონსტრუქციას რომ მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა.
"ქალაქში, სადაც მიხეილ მესხის და დინამოს სტადიონია, კიდევ ერთი დიდი სტადიონის აშენება საჭირო არ არის. ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ. თავდაპირველად, როდესაც თქვეს, რომ ამ სტადიონის აშენება უნდოდათ, გამიკვირდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს დინამო თავის ფუნქციას დაკარგავდა. თუ ახალ სტადიონზე ნაკრებმა უნდა ითამაშოს, მაშინ დინამოს აღარაფერი რჩება, გარდა თბილისის დინამოს თამაშებისა, რაც სტადიონს შემოსავალს საერთოდ არ აძლევს და რეალურად ფუნქციასაც უკარგავს.
ეს სტადიონი კერძო მფლობელობაში თუ გადავიდა, ვინმემ იყიდა და მან შეინახა, მაშინ არ ვიცი, თუმცა ამ მომენტისთვის ისე ჩანს, რომ სტადიონი სახელმწიფოს შესანახი იქნება. ანუ, რეალურად ჩვენი შესანახი იქნება. საქართველოს ნაკრების ყველა თამაში მანდ ითამაშონ, მგონია, რომ სტადიონის შენახვა ძალიან გაუჭირდებათ. რაგბისა და ფეხბურთის თამაშების ჩატარება სტადიონის შენახვისთვის საკმარისი არ იქნება.
რეალურად, უკეთეს რაღაცებში შეიძლებოდა გამოყოფილი ბიუჯეტის გამოყენება, ვიდრე იმ სტადიონის ასაშენებლად, რომელიც მგონია, რომ საჭირო არ არის. მაგალითად, ზუგდიდის სტადიონი, ლანჩხუთის სტადიონი ბოლო პერიოდში რომ ვნახე, კატასტროფულ მდგომარეობაშია. არადა, ისინი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული სტადიონებია. ეს თანხა, რომ ამ სტადიონებზე გადანაწილებულიყო და არსებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებაზე გვეზრუნა, უკეთესი იქნებოდა“, - აცხადებს ბაციკაძე.
მისი ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგამდე 4 წელია წინ, რაც რეალური დროა სტადიონის ასაშენებლად, თუმცა კომენტატორი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პერიოდს იხსენებს, როდესაც ქვეყანა ჩემპიონატს თითქმის მოუმზადებელი შეხვდა, იმის მიუხედავად, რომ მასპინძლობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნით ადრე იყო გაჟღერებული.
„რეალურად, 4 წელიწადში სტადიონის აშენება რეალურია, თუმცა მე მახსენდება შემთხვევა, როდესაც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა გვემასპინძლა კალათბურთში და სტადიონის მშენებლობა შესაბამის ვადებში ვერ დაასრულეს. რამდენიმე თვით ადრე FIBA-დან (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) რომ ჩამოვიდნენ და სტადიონი ნახეს, გაგიჟდნენ. ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე, დაჩქარებულ რეჟიმში ძლივს მოესწრო სტადიონის დასრულება და მგონი ბოლომდე მაინც არ იყო საქმე მიყვანილი. შესაბამისად, 4 წელია წინ და იმედიანად ვიყოთ, რომ მოვასწრებთ აშენებას, ამის იმედად არ უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ტატო ბაციკაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს სტადიონი სპორტის ორ სახეობას - ფეხბურთსა და რაგბის მოემსახურება. სივრცე უეფას კრიტერიუმების დაცვით აშენდება და უმაღლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რაც ქვეყანას ყველაზე მაღალი რანგის ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის უფლებას მიანიჭებს. პროექტი შემოდგომისთვის მომზადდება და ის ბრიტანული სტადიონის ანალოგი იქნება.