მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 14 - 20 ოქტომბერი

სებ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში 14-20 ოქტომბრის განმავლობაში

ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მოცულობის ინტერვენციები განახორციელა

16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა. ამ თანხიდან ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა. სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს.

Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობას დაბალი შეფასება მისცა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური ბანკების მმართველების ყოველწლიური გლობალური შეფასება განაახლა. გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აქვს, რომელსაც D შეფასება მიენიჭა. Global Finance-ი ცენტრალური ბანკირების შეფასებებს ყოველწლიურად, შემოდგომაზე აქვეყნებს, მათ გამოცემა გატარებული რეფორმების, ფულად საკრედიტო გადაწყვეტილებების, მონეტარული პოლიტიკის მართვის ეფექტიანობისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მიხედვით ქულებით აფასებს. ნათია თურნავასთვის D ქულის მინიჭება გამოცემის მიერ გამოქვეყნებული განმარტების თანახმად ძირითადად დაკავშირებულია სებ-ის მიერ გასულ წელს საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისის შეტანით, რაც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ სანქციების განსხვავებულ რეჟიმს აწესებს. გამოცემა ასევე მიუთითებს ხელისუფლებისგან სებ-ის დამოუკიდებლობის ხარისხის მიმართ გაზრდილ შეშფოთებაზე და საქართველოს სავალუტო რეზერვების კლებად დინამიკაზე.

სექტემბერში ფულადი გზავნილები შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტების მილევასთან არის დაკავშირებული. რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც რუსეთმა გზავნილებში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი უკვე რამდენიმე თვეა იტალიას უჭირავს, საიდანაც სექტემბერში $50 მილიონი გამოიგზავნა, რაც წლიურად 13%-ით არის მომატებული. მეორე პოზიციას 49 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილები სექტემბერში 18%-იანი ტემპით გაიზარდა.

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 17%-ით, 616 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში საქონლის ექსპორტმა 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უშუალოდ სექტემბერში კი ექსპორტი 17%-ით, 616 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ საქსტატი ექსპორტის დეტალურ მონაცემებს 21 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა სექტემბერში ექსპორტის მატება.

მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფას აანონსებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას აანონსებს. როგორც მან 18 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების შემდეგ დაინიცირდება. ამასთან, კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის შემცვლელად თინათინ რუხაძე დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გაყოფის შემდეგ კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

პრემიერმა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე წარადგინა და თქვა, რომ სამინისტროს გაყოფის შემდეგ გოგოლაძე სპორტის მინისტრი გახდება.

ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 18 ოქტომბერსვე საქართველოს მთავრობამ აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის გზით, სანატორიუმი "ლიკანის" აქტივები 16.3 მილიონ ლარად მიყიდა კომპანია "რაიმონდს", რომელშიც შალვა გოგოლაძე 50%-იან წილს ფლობს.

"მაგთი" ქვეყანაში 5G ინტერნეტს დანერგავს - კომპანიამ სიხშირეების აუქციონში 48.8 მლნ გადაიხადა

"მაგთი" თავის ქსელში 5G ინტერნეტს დანერგავს - კომპანიამ 18 ოქტომბერს ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა, რომელზეც სალიცენზიო სიხშირეები იყო გამოტანილი. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, "მაგთის" მიერ აუქციონის გზით მიღებული სიხშირეების ჯამური ღირებულება 48.8 მილიონ ლარს შეადგენდა და ამ თანხის 30% კომპანიამ უკვე დაფარა, დანარჩენ 70%-ს კი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის.

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის აუქციონი წელს განმეორებით გამოაცხადა, წინა აუქციონი 2023 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ "სელფიმ" მიიღო, რომელიც ამ დრომდე ერთადერთი ოპერატორი იყო, რომელსაც 5G ლიცენზია ჰქონდა, ახლა კი მას "მაგთიც" შეემატა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, "მაგთი" 5G ინტერნეტის დასანერგად კიდევ დამატებითი სიხშირეების ლიცენზიის შეძენასაც გეგმავს, რომლისთვისაც აუქციონები 21; 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის მშრალი პორტი 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება

Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ "თბილისის მშრალი პორტის" პირველი ფაზა იანვარში გაიხსნება. ამის შესახებ მან პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჯემალ ინაიშვილმა უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ეტაპი 16 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ფაზას 2025 წლის იანვარში გავხსნით ოფიციალურად. პირველი ეტაპი 16 მლნ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს და შემდეგ ეს ინვესტიციები შესაბამისად გაგრძელდება. ამ პროექტის პირველი ეტაპი რასაც ითვალისწინებდა გახლავთ ის, რომ განხორციელდა სამშენებლო ნაწილი და მოედანი მომზადდა, შეყვანილ იქნა სარკინიგზო ხაზები, რომელიც ტერმინალს და რკინიგზის სადგურს აკავშირებს. ახლა შენდება პირველი საწყობი და შეძენილია ყველა აუცილებელი ტექნიკა“,- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

2024 წლის 9 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1.8 მილიარდი დაუბრუნდა

2024 წლის ცხრა თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება დღგ-ის იმ ნაწილს, რომელიც ბიუჯეტში დარჩა მისი მოცულობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინა ინფორმაციას 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, 2024 წლის რვა თვეში კი დღგ-ის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 4.89 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 91% იყო.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 2023 წელს 2.33 მილიარდი დაუბრუნდა, 2022 წელს 2.26 მილიარდი ლარი იყო, 2021 წელს კი 1.93 მილიარდი ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს დღგ-ის მეტობა 48,500 საწარმოს დაუბრუნდა.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი 4-ზოლიან ავტობანად გადაკეთდება - პროექტი უკვე მომზადებულია

აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად ორზოლიანია. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა მთავრობა მის გაფართოებას და 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებას გეგმავს - ამისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს საპროექტო სამუშაოების შესყიდვის 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ახლა კი მომზადებული ტექნიკური პროექტი მის რამდენიმე ალტერნატივასთან ერთად მუნიციპალიტეტს საჯარო განხილვებისთვის წარედგინა.

გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 250 და 164 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები