მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დინამო არენას“ მიმდებარედ მოძრაობა იზღუდება

6491640d0fc65
BM.GE
20.06.23 12:30
4126
UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 21, 24 და 27 ივნისს, 14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება. გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ.

აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები