ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა იყიდა.
სს-ის მთავარი აქციონერი და დამფუძნებელიც თემურ მიქელაძეა. ინფორმაციას ორგანიზაცია Sports Orient-ი თავად ავრცელებს, რომელიც პროექტზე საწყისი ეტაპიდანვე მუშაობდა.
“ჩვენი სამუშაო ჯგუფი აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური, სპორტის მართვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება და საწყის ეტაპზე, კლუბში არსებული მდგომარეობის დეტალურ შესწავლას მოახდენს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, Sports Orient-ის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, “დინამო ბათუმის” მდგრადი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ გადაბარების პირველი პრეცედენტი, რომელიც ჩვენი კომპანიის ჩართულობით განხორციელდა, ეხება ისეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ქართულ კლუბს, როგორიც “დინამო ბათუმია”.
მოხარული ვართ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიციის მონაწილენი გავხდით. Sports Orient-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში საფეხბურთო კულტურის და ეკოსისტემის გაძლიერებაში, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხარდაჭერაა, რაც გამართული საკლუბო ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია.
მიგვაჩნია, რომ ბათუმის “დინამოში” სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-ის, მისი დამფუძნებელისა და მთავარი აქციონერის ბიზნესმენ თემურ მიქელაძის შესვლა და ინვესტირება ამ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს და საკლუბო ფეხბურთში მართვის ახალ სტანდარტს დააწესებს. მსგავსი მასშტაბის ტრანზიცია საკლუბო ფეხბურთის გაძლიერებასთან ერთად, ბიზნესს ფეხბურთით და სპორტით დაინტერესებას კიდევ უფრო დიდ იმპულსს მისცემს.
ვულოცავთ “დინამო ბათუმს”, მის გულშემატკივარს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ შეთანხმების წარმატებით დასრულებას. მადლობას ვუხდით პროცესში ჩართულ ყველა ჯგუფს თანამშრომლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის. წარმატებები დინამო ბათუმს!” - წერს Sports Orient-ის დამფუძნებელი ოთო მუმლაძე.
ბათუმის დინამოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ მიქელაძე ქალაქ ბათუმშია დაბადებული. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. თემურ მიქელაძე არის ორი მსხვილი კომპანიის “მეტროპოლისა“ და “კროკობეთის“ თანადამფუძნებელი.
“ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის დინამოსთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ ვარ ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ ბათუმის "დინამოსთან" ერთად მიაღწიეს.
ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ ბათუმის "დინამო" სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.
ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს ამ ფორმით. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს.
მჯერა, რომ "დინამო ბათუმის" განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერებაა, ეს კლუბის ხედვის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. ამასთან ერთად ჩვენი გუნდის სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ დინამოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას.
აქვე, მადლობას ვუხდი კლუბის ადმინისტრაციას, თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი ღირსეული დამოკიდებულებისთვის და სირთულეების მიუხედავად, მათი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის.
გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქის საოცარ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ!” - აცხადებს თემურ მიქელაძე.
კლუბის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით კლუბში მიმდინარე, არსებული მდგომარეობის შეფასების პროცესის პარალელურად მენეჯმენტის განახლება გაგრძელდება. ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დინამოში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ამიტომ ყველა სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ.



























