მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დინამო ბათუმში აუდიტის პროცესი მიმდინარეობს - ცნობილია, რა ვალდებულების სანაცვლოდ გაიყიდა საფეხბურთო კლუბი

დინამო ბათუმი

დინამო ბათუმში აუდიტის პროცესი მიმდინარეობს - ცნობილია რა ვალდებულების სანაცვლოდ გაიყიდა საფეხბურთო კლუბი

როგორც BMG-მ გაარკვია,დინამო ბათუმი” ფორმალურ 1 ლარად, თუმცა 30 მილიონ ლარის, საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა.

2025 წლის 30 დეკემბერს გახდა ცნობილი, ბათუმის “დინამო” სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა იყიდა, რომლის მთავარი აქციონერი და დამფუძნებელიც თემურ მიქელაძეა. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. თემურ მიქელაძე არის ორი მსხვილი კომპანიის “მეტროპოლისა“ და “კროკობეთის“ თანადამფუძნებელი.

ჩვენი ინფორმაციით დინამო ბათუმში აუდიტის პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც დადგინდება და შეფასდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებები და აქტივები.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესში სპორტის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საკონსულტაციო კომპანია Sports Orient-ი აქტიურად იყო ჩართული.

BMG-ის ინფორმაციით ახალმა მფლობელმა კლუბი მძიმე ვითარებაში ჩაიბარა. ბათუმური გუნდი თვეების განმავლობაში ვერ იხდიდა ფეხბურთელების (მათ შორის ყოფილი მოთამაშეების) ხელფასებს, რის შედეგადაც, კლუბი ზაფხულში 10-ზე მეტმა მოთამაშემ დატოვა და ვაკანტური ადგილები დუბლშემადგენლობის მოთამაშეების ხარჯზე შეივსო. შედეგად ფეხბურთელებმა იჩივლეს და FIFA-მ გუნდს გასულ სეზონში სატრანსფერო სანქცია სწორედ აღნიშნული საჩივრის საფუძველზე დაადო. ეს გულისხმობს იმას, რომ 2025 წლის ზაფხულში და 2026 წლის ზამთარში, ორივე სატრანსფერო ფანჯარაზე “დინამო ბათუმს” ჰქონდა და აქვს შეზღუდვა და ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებს.

მიმდინარე დავალიანებების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ასახავს როგორც სახელმწიფოსთან არსებულ დავალიანებას, ისე პროექტების მართვის სააგენტოსთან მიმდინარე დავას და დავალიანებას, რომელიც აჭარაბეთ არენას ქირის გადახდას გულისხმობს. ჯამში “დინამო ბათუმის” სტადიონის მიმართ დავალიანება თითქმის 900 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ანგისას ბაზა მძიმე მდგომარეობაშია, დაზიანებულია მოედნის საფარი, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. თუმცა ბაზა ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაშია და კლუბს არ ეკუთვნის.

სხვადასხვა მიმართულებით, დინამო ბათუმის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 20 მილიონ ლარამდეა, გარდა ამისა კლუბს აქვს კერძო ვალები, ფეხბურთელების, მწვრთნელების, ადმინისტრაციისა და სტაფის დავალიანებები, რომელიც ახალი მფლობელის პირობებში უკვე ეტაპობრივად იფარება. ჯამში დინამო ბათუმის დავალიანება ძველი მენეჯმენტის პირობებში 30 მილიონ ლარს აჭარბებს.

წყაროს ცნობით,
მომდევნო 5 წელში, ინვესტორმა ყოველწლიურად 6 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. გარდა ამისა არის სასპონსორო შემოსავლები, ფეხბურთის განვითარების ფონდის საბაზისო და სტიმულირების თანხები, სატრანსფერო და უეფას შემოსავლები, რითაც თემურ მიქელაძეს მიერ აღებული ვალდებულებებისა და გასასტუმრებელი ვალების მიუხედავად, კლუბის ბიუჯეტი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თემურ მიქელაძემ კლუბში სიმბოლური ფასი ერთი ლარი გადაიხადა, თუმცა აიღო აღნიშნული ვალების დაფარვისა და დამატებით მომდევნო 5 წლის მანძილზე კლუბში დამატებით 30 მილიონი ლარის ჩადების ვალდებულებაც, რომელიც თავად გუნდში არსებული გადასახადების გარდა აკადემიასაც უნდა მოხმარდეს. კლუბის მმართველობა სააქციო სახით წარიმართება და მასში ინვესტიციის ჩადება და აქციების შესყიდვა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შეთავაზება ბათუმის დინამოს ახალმა მფლობელმა თავად გააკეთა.

ცნობისთვის, ბათუმური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სამუშაო ჯგუფი რომელიც აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური და სპორტის მართვის ქართული და საერთაშორისო საპარტნიორო ორგანიზაციების სპეციელისტებისგან შედგება დეკემბერ-იანვარში კლუბის სრულ და ობიექტურ შეფასებას მოახდენს - ორგანიზაციული, ფინანსური, ფუნქციური და საოპერაციო მიმართულებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები