თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მოწვევით საქართველოს დედაქალაქს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტორული კომპანიის HPP Architects-ის თანამფლობელი ანტონიო ვუტაჯო და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის მთავარ მიზანს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნა წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანები.
HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს "დინამო არენა" და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შესაძლებლობა, თუ რა მიმართულებით შეიძლება სტადიონის განვითარება.
რომან ფიფიას განცხადებით “დინამო არენას” უდიდესი პერსპექტივა აქვს და მისი განახლება თბილისისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება:
"მოხარული ვარ, რომ "დინამო არენის" რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. მათ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და აახლებენ სტადიონებს. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს" - განაცხადა რომან ფიფიამ.
"თბილისში ჩამოსვლის შემდეგ "დინამო არენასთან" რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლებლობა რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და, მეორე მხრივ, განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით, სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა" - აცხადებს ანტონიო ვუტაჯოს სიტყვებია.
HPP Architects ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც სტადიონების მშენებლობასა და განახლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას არაერთ გამორჩეულ არენაზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის, ფრაიბურგის "ევროპა პარკზე", ლევერკუზენის "ბაიარენასა" და სხვა სტადიონებზე.




























