საქართველოს ეროვნული ლიგა ახალი სეზონით ახლდება, შესაბამისად, დედაქალაქის გუნდი “დინამო თბილისი” მომზადებას იწყებს, რომლის ნაწილიც თბილისში საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო ნაწილი თურქეთში გაიმართება.
საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ “დინამო” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს:
“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს დინამოსთან არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ახლახან გუნდის “გაახალგაზრდავება” დააანონსა, რომლის მიხედვითაც “დინამო თბილისს” მომავალი სეზონიდან კლუბის აღზრდილები დააკომპლექტებენ და ადგილზე მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.