ადგილობრივი მწარმოებელი „დიო“ 2024 წლიდან ექსპორტისთვის ემზადება. გაყიდვების განვითარების გეგმებზე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების და სხვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვები წელს სტაბილურია და მცირედით ზრდა შეინიშნება, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით ბაზარი გაჯერდა და კონკურენცია მაღალია. აქედან გამომდინარე, კომპანია ექსპორტის განვითარებაზე მუშაობს.
„უცხოური ბაზრების ათვისებაზე ვფიქრობთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეგმის შემუშავება და ბაზრების მოკვლევა, სადაც უშუალოდ მოგვიწევს ჩასვლა.
მოკვლევა, ძირითადად, ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებზე კეთდება. ვარჩევთ პროდუქტებს, რომლებიც ამ ბაზრებისთვის საინტერესო იქნება. შესაბამისად, რომელი ბაზარი იქნება საინტერესო. უცხოურ ბაზარზე შესვლა საკმაოდ კომპლექსურია და არ არის მარტივი. პირველ ეტაპზე განიხილება სომხეთი და უზბეკეთი.
რა წილს დაიკავებს ექსპორტი წარმოებაში ამ დროისთვის რთული სათქმელია, თუმცა ჩვენი გეგმა ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების 50/50-ზე განაწილება იქნება“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ცნობისთვის: კომპანია „დიო"-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების 27-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ასორტიმენტიც. კომპანია დღეისთვის 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს - მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციას და ინდუსტრიული პროდუქტებს.
დღეს კომპანიის მართვაშია საწარმო, შოუ რუმი, და 5 ფილიალი - თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. “დიო” უკვე რამდენიმე წელია ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატებს ფლობს. დაფუძნებიდან კომპანიაში გაცხადებული აქვთ, რომ ბაზარზე ინოვაციური მიდგომით უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტს ქმნიან, რათა ადგილობრივად მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. ამისთვის კომპანია 70 მომწოდებელთან თანამშრომლობს და ადგილობრივად 200-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.