მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიოს“ დამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა თბილისში მეუღლესთან ერთად ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი გახსნა

621204814613b
თამთა ჯიჯავაძე
21.02.22 09:00
3373
„დიოს“ დამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა თბილისში მეუღლესთან ერთად ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი გახსნა. ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრში მისული პაციენტი მიიღებს კონსულტაციას სხვადასხვა დარგის ექიმებისგან, ასევე ცენტრში მოქმედებს ლაბორატორიაც.

„თბილისში რამდენიმე სახის სამკურნალო თერმული წყალია. საბურთალოზე კი მეოთხე ჭაბურღილის წყალია, რომელიც შევისწავლეთ, გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან – კურორტოლოგებთან, რომლებმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს ამ წყალს – თავისი თვისებებით ის სხვა წყლებისაგან განსხვავდება. არაჩვეულებრივი თვისებების მატარებელია გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. ის ბუნებრივად 60 გრადუსამდე ცხელი წყალია. ამიტომაც იდეა ვაქციეთ რეალობად.

ჩემი მეუღლე ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძეა. მან ბავშვობიდან დაიწყო მცენარეების შესწავლა, მედიკამენტების დამზადება და ეს თავის საქმიანობად აქცია. ის 27 წელია, ფიტოთერაპევტია – ხალხს მკურნალობს.

მივხვდით, რომ მისი საქმიანობა გაფართოებას საჭიროებს, ფიტოპრეპარატებით მკურნალობა პაციენტებისთვის კი უფრო ეფექტიანი და კომფორტული იქნებოდა, თუ მასთან ერთად კონსულტაციას სხვა დარგის სპეციალისტებიც გაწევდნენ. ასევე ულტრათანამედროვე აპარატურით ჩატარებული ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები ზუსტ დიაგნოსტიკაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

ცნობისთვის, ირმა დაუშვილი ჟალუზების მწარმოებელი კომპანია „დიოს“ და ასევე ნუნისის კურორტზე Nunisi Forest Hotel-ის თანადამფუძნებელიცაა. როგორც მან აღნიშნა, ფიტობალნეოთერაპიის ცენტრის სერვისში ფიტოთერაპიის ჩართვის იდეა სწორედ ბალნეოთერაპიასთან ნუნისის გამოცდილებიდან გაჩნდა.

„გაგვიჩნდა აზრი, რომ საბურთალოს ,,დიოს“ ოფისში არსებული უნიკალური თერმული წყალი გამოგვეყენებინა. ზოგადად საქართველოს ბალნეოტურიზმი ერთ-ერთ უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი მეუღლის საქმიანობა, ჩემი ინტერესი და ცოდნა სამკურნალო წყლების შესახებ და „დიოს“ ოფისი, სადაც გოგირდის წყლები ამოდიოდა, გაგვეერთიანებინა და ახალი ბიზნესი წამოგვეწყო“, - დასძინა მან.

ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები