მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიპლომატები საგარეო უწყებაში რეორგანიზაციას ევროპული კურსის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ - განცხადება

ელჩები

დიპლომატების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესზე. IPN-ის თანახმად, მათი თქმით, ცვლილებები მიმართულია 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული საჯარო განცხადების ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დასუსტებას ემსახურება. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების დროზე ადრე გამოწვევა – მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას“, – წერია განცხადებაში.

დიპლომატების თქმით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესმა სტარტი 2025 წლის 29 აპრილს აიღო და მოიცავს როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე საზღვარგარეთ მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების „ძირეულ რეფორმას“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ერთადერთ გარანტიას.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენს გეოგრაფიულ გარემოში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. ამ გზიდან გადახვევა კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – აცხადებენ ისინი.

დიპლომატების თქმით, რჩებიან ერთგული ქვეყნის კონსტიტუციისა და ევროატლანტიკური კურსის.

„ჩვენ, ქართველი დიპლომატები, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი!“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, განცხადება ღიაა და მასში ჩართვა ნებისმიერ მოქმედ დიპლომატს შეუძლია.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • აქუბარდია სალომე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • ბაზერაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • ბენია მეგი - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • ბუჯიაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • გვარამია ვაჟა - საქართველოს საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში;
  • ვაჭარაძე მარიკა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
  • თავართქილაძე გიორგი - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი;
  • იანტბელიძე ერეკლე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • კაკულია თამარ - საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;
  • მესხი ბონდო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • პაპავა ირაკლი - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
  • სპირანდი ოლღა - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
  • ჟღენტი ქრისტინე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • ფიფია ნინო - საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში;
  • ფრუიძე ქეთევან - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი;
  • ყამარაული ნინო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • შაიშმელაშვილი ანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;
  • წიქარიშვილი გიორგი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
  • ცანავა ანა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
  • ჯალაღონია ლანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები