მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიპლომატია არ არის მორჩილება, დიპლომატია ქვეყნის სამსახურია!" - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი
03.11.25 14:52
753

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიპლომატია ქვეყნის სამსახურია და არა მორჩილება.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც საქართველოში 3 ნოემბერს აღინიშნება, სალომე ზურაბიშვილი წერს, დღეს ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ, რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია და ბრიუსელსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ დიპლომატებს მიმართავს კითხვით - რას აკეთებენ ამ ქვეყნის გადასარჩენად.

"1629 წლის 3 ნოემბერს ვატიკანში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით ადრე ნამდვილი დიპლომატის მისიას ასრულებდა: იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეძებდა ევროპასთან კავშირებს და ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამხდარიყო იმპერიული გავლენის მსხვერპლი.

ამ მიზეზით, 2004 წელს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავაფუძნე ქართული დიპლომატიის დღე. დიპლომატია, როგორც ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებისა და პროფესიული ღირსების სიმბოლო. მაგრამ დღეს, ამ თარიღზე, რთულია სიჩუმე და სიმართლის არ თქმა.

დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური!

სულხან-საბა ევროპის გზას იმიტომ დაადგა, რომ საქართველო არ გამქრალიყო;

დღეს კი ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია. რატომ, ვინ და რისთვის მიავლინა დიპლომატებად იმ ქვეყნებში? რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის?

ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით - მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, მტკივნეულია და მოითხოვს ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადოთ, დათმოთ ის კომფორტი, რომელიც სწორედ ამ ევროპაში, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოიწყვეთ, ქართველი ხალხის წყალობით, და რომელსაც დღეს თქვენი უმოქმედობით თქვენც ართმევთ ევროპულ მომავალს.

დიპლომატია უნდა იყოს ღირსება, მაგრამ ის დღეს თქვენში არაა!",- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის დღე 2004 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღესასწაული სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით აღინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები