მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, იაპონია ჩინეთს ბოლო 2 პანდასაც დაუბრუნებს

პანდა

იაპონია ჩინეთისთვის ბოლო 2 პანდას დაბრუნებისთვის ემზადება. საუბარია ტყუპებზე, შიაო-შიაოსა და ლეი-ლეიზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების სიმბოლოდ ითვლებოდა და ჩინეთის “პანდას დიპლომატიის” ნაწილი იყო 1972 წლიდან.

ტყუპ პანდებთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას ტოკიოს უენოს ზოოპარკში ათასობით ადამიანი დაესწრო. ოფიციალურ პეკინს პანდები თვის ბოლომდე დაუბრუნდება და ამით ორ ისტორიულ მოწინააღმდეგეს შორის შორის ურთიერთობების ნორმალიზების ნახევარ-საუკუნოვანი მცდელობაც სიმბოლურად დასრულდება. აღსანიშნავია, რომ “პანდას დიპლომატიას” ჩინეთი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიმართ იყენებს. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკის ეს უნიკალური მაგალითი გამოირჩევა იმით, რომ რეალურად ჩინეთი სახელმწიფოებს მათ შეუზღუდავი ვადით გადასცემს, თუმცა არ აჩუქებს. შესაბამისად, თუ ოფიციალური პეკინი მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფო პანდების ყოლის უფლებას არ იმსახურებს, აქვს სრული სამართლებრივი უფლება, მათი დაბრუნება მოითხოვოს.

შეგახსენებთ, იაპონიაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე სანაე ტაკაიჩის არჩევიდან მალევე იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც, იაპონიის ლიდერმა ტაივანის დაცვისთვის ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. მომდევნო კვირების განმავლობაში ოფიციალურმა პეკინმა მოქალაქეებს იაპონიაში ვიზიტისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა, ოფიციალურმა ტოკიომ კი ჩინეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩია, თავი შეეკავებინათ საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენისა და ღამის საათებში ქალაქში მოძრაობისაგან. სავარაუდოა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდება, თუ 8 თებერვალს ჩანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ტაკაიჩის “ლიბერალ-დემოკრატების პარტია” სასურველ შედეგს მიაღწევს და ხელისუფლებაში კოალიციის გარეშე, უმრავლესობით მოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები