მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-ის ხელმძღვანელი თანამშრომლებს მარტიდან ოფისში დაბრუნებას ავალდებულებს

63be74ea65565
თათია კაკიაშვილი
11.01.23 12:48
545
Disney-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე სახლიდან მუშაობენ, გააფრთხილა, რომ მარტიდან კვირაში ოთხი დღის განმავლობაში საქმიანობა ოფისიდან უნდა გააგრძელონ.

გადაწყვეტილების ავტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერია, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. “ჰიბრიდულ” რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ორ თვეში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, Disney-ის სამუშაო ოფისებიდან საქმიანობა მოეთხოვებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბობ აიგერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ “შემოქმედებით ბიზნესში” წარმატების ერთადერთი გასაღები დასაქმებულებთან პირისპირ მუშაობაა.

“ვერაფერი შეცვლის თანამშრომლებთან პირისპირ ურთიერთობას და კრეატიულობის უნარებზე დაკვირვებას, რაც ფიზიკურად ერთად ყოფნის შედეგად მოდის. სწორედ ასეთი კავშირით ჩანს ლიდერების და მენტორებისგან სწავლის და პროფესიული ზრდის შესაძლებლობის მნიშვნელობაც. შესაბამისად, მე მჯერა, რომ ფიზიკურად ერთად მუშაობა კომპანიის შემოქმედებითობას, კულტურას და ჩვენი თანამშრომლების კარიერას მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს მოუტანს,” - განაცხადა Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა.

ცნობისთვის, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, Disney-იმ თანამშრომლებს სახლიდან დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცა, მაშინ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი კორონავირუსის გავრცელების შენელება იყო.

ბოლო რამდენიმე თვეა, მსხვილი კომპანიები თანამშრომლებს ოფისებში დაბრუნებისკენ აქტიურად მოუწოდებენ - სამუშაო პოლიტიკაში მსგავსი ცვლილებები გაატარეს Snap-ში, Tesla-სა და Uber-შიც. 2022 წლის სექტემბრიდან კი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიის - Apple-ის თანამშრომლებისთვის კვირაში სამჯერ ოფისიდან მუშაობა სავალდებულო გახდა. ნოემბერში, მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა ახლად შეძენილი Twitter-ის თანამშრომლებს კვირაში 40 საათით ოფისში დაბრუნება მოსთხოვა, რითაც კომპანიის მუდმივი პოლიტიკის ეპოქა - „მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან“ დასრულდა. მასკის გადაწყვეტილების შედეგად, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმა 44 მილიარდი დოლარის გარიგებით იყიდა, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა თანამდებობა დატოვა. ილონ მასკმა მათ მოუწოდა, “ან მაღალი ინტენსივობით ემუშავათ, ან სამუშაო დაეტოვებინათ”.

რაც შეეხება ბობ აიგერს, რომელიც Disney-ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კომპანია დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა, საბჭომ Disney-ის სამართავად რთული პერიოდის შემდეგ დააბრუნა. კომპანიის “რთულ პერიოდს” შედეგად მოჰყვა ის, რომ მისი აქციების ფასი დაეცა და სტრიმინგის სერვისი მუშაობას ზარალით აგრძელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები