მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - რამდენი მილიარდის შემოსავალი მიიღო?

645e04bdec2e0
გიორგი არონია
12.05.23 14:00
1126

გართობის ინდუსტრიის გიგანტმა, ამერიკულმა Disney-მ არადამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც ნაწილობრივ თანხვედრაში იყო ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებლებთან. გასულ კვარტალში, Disney-მ $21.82 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს $40 მილიონით აღემატება და წლიდან წლამდე 13%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა Disney-ის მოგება, რომელმაც, გასულ კვარტალში, $1.49 მილიარდი შეადგინა, როცა ერთი წლით ადრე, ის სულ რაღაც $597 მილიონი იყო. პარალელურად ამისა, საკმაოდ მკვეთრად, 4 მილიონით შემცირდა Disney Plus-ის გამომწერთა რაოდენობა, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა კომპანიის აქციების ღირებულებაზე, რომელიც 8.7%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა Disney-მ კვარტალური შედეგები კომპანიაში ლეგენდარული მენეჯერის, ბობ აიგერის დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა. გამომდინარე იქიდან, რომ ბობ აიგერი კომპანიის დასახმარებლად დაბრუნდა, Disney-ის ამგვარი შედეგები მოულოდნელი არ არის, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციას განიცდის, რომელსაც ათასობით თანამშრომელი შეეწირა. პარალელურად ამისა, Disney-ის გამკლავება უწევს გლობალური ტენდენციების ცვლილებასთან, რომელიც, ძირითადად, სარეკლამო შემოსავლების შემცირებით და საკაბელო ტელევიზიების დაღმავლობით გამოირჩევა.

ამასთან, რთული დრო უდგას სტრიმინგ-სერვისების გლობალურ ბიზნესსაც, რადგან კომპანიების დანახარჯები იზრდება, მომხმარებლებს კი სულ უფრო და უფრო ნაკლები ფულის გადახდა სურთ. უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებით, გასულ კვარტალში Disney Plus-ის გამომწერთა რაოდენობა მიზერული 1%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა, გამომწერთა რაოდენობა 2%-ით, 157.8 მილიონამდე შემცირდა. ამ კლების უდიდესი ნაწილი ინდოეთზე მოდის, მაგრამ მას არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩება. თუმცა, მიუხედავად ამისა, გასულ კვარტალში 20%-ით გაიზარდა Disney Plus-ის გამომწერთაგან მიღებული საშუალო შემოსავალი, რომელიც ინდოეთის ბიზნესის კლებამ უარყოფითად დააბალანსა.

გამომწერთა რაოდენობის შემცირების ფონზე, მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა Disney-ის D2C-ბიზნესის საოპერაციო ნაშთი, რომელმაც, გასულ კვარტალში უარყოფითი $659 მილიონი შეადგინა, როცა ანალიტიკოსები $841 მილიონის წაგებას ვარაუდობდნენ. ამასთან, Disney-ის ამ ბიზნესის შემოსავალი 12%-ით გაიზარდა და $5.51 მილიარდი შეადგინა, რაც, უმეტესწილად, ფასების გაზრდითაა განპირობებული.

კვარტალურ შედეგებთან ერთად, Disney-მ საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმის, Disney Plus-ის განახლებაც დააანონსა. როგორც ირკვევა, Disney Plus-ზე Hulu-ზე განთავსებული კონტენტი დაიდება, ხოლო ურეკლამო პაკეტის ფასი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, Disney-ის მენეჯმენტი სტრიმინგ-პლატფორმებიდან კონტენტის ამოღებას გეგმავს, რაც დანახარჯებს სულ მცირე $1.5 მილიარდით შეამცირებს.

გასულ კვარტალში, Disney-ის ყველაზე წარმატებულ მიმართულებებს შორის უდავოდ დასასვენებელი პარკებისა და პროდუქტების ბიზნესი იყო, რომლის შემოსავალი 17%-ით, $7.7 მილიარდამდე გაიზარდა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ $5.5 მილიარდი სწორედ გასართობი და დასასვენებელი პარკებიდან შემოვიდა, რის გამოც, კომპანიამ ამ მიმართულებით დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები