გართობის ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Walt Disney-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს ფედერალური სავაჭრო კომისიის ბრალი და საქმის სასამართლოში წაღების გარეშე, ჯარიმის სახით სახელმწიფო ხაზინაში $10 მილიონი ჩარიცხოს.
საქმე ეხება ამერიკის მთავრობის მიერ კომპანიის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ Walt Disney-მ Youtube პლატფორმაზე არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ვიდეოები ისე განათავსა, რომ ისინი “Made For Kids”-ის კატეგორიაში არ მოაქცია. ამ ნაბიჯით კომპანიამ არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების დაცვის კანონი დაარღვია.
სიცხადისთვის, თუ ამერიკული კანონმდებლობა Youtube-სა და მსგავს პლატფორმებს სრულწლოვანი მომხმარებლების მონაცემების მოგროვების უფლება აძლევს, ეს თავისუფლება 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე არ ვრცელდება. არცერთ კომპანიას არ აქვს ნებართვა, მშობლის თანხმობის გარეშე მცირეწლოვანი შვილის შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია. Disney-მ კი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მასალის ჩვეულებრივ Youtube-ზე განთავსებით გააჩინა საფრთხე, რომ ვიდეოების პლატფორმა მცირეწლოვანების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდა. ეს კი არა Youtube-ის, არამედ Dinsey-ს ბრალი იქნებოდა. სწორედ მას ევალებოდა პარამეტრების სწორად მითითება.
Disney-სა და ამერიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, კომპანია არამარტო $10-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის, არამედ “მაყურებლების დანაწილების პროგრამასაც” შემოიღებს და Youtube-ზე მასალების ატვირთვას მკაცრად გააკონტროლებს.




























