თბილისის ნაწილში წყლის მიწოდების შეწყვეტამ, ქსელურ მარკეტებში წყალზე მოთხოვნა გაზარდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ბოლო ორ დღეში სასმელ წყალს იმ უბნებშიც ყიდულობენ, სადაც წყლის მიწოდება არ შეწყვეტილა. ქსელური მაღაზიების ნაწილში, მომხმარებლებისთვის გამოყოფილ ადგილებზე სხვადასხვა ბრენდის წყალი ყუთებით ალაგია.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, მაღალმა აქტიურობამ მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი შექმნა. შესაბამისად, ასოციაციასა და თბილისის მერიას შორის შეთანხმება შედგა და დისტრიბუტორები მარკეტებს წყალს საღამოს საათებშიც მიაწვდიან.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. GDBA-სა და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმებით კი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად ეს შეზღუდვა დროებით მოიხსნება.
"ცენტრალური წყალსადენის დაზიანებამ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებში წყალზე ვაჭრობა გაზარდა. შექმნილმა სიტუაციამ ცხადყო, რომ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდნენ. მოთხოვნა-მიწოდება ერთმანეთს ვერ ეწეოდა. აუცილებლობა შეიქმნა, კომპანიებმა დამატებითი რესურსი გამოყონ, რათა მომხმარებელს თაროზე წყალი დახვდეს. ასოციაციამ მერიას მიმართა და მერიამ გადაწყვიტა, 17:00-დან 20:00 საათამდე, აკრძალვის პერიოდში, სადისტრიბუციო კომპანიები საცალო ვაჭრობის ობიექტებს წყალს მიაწვდიან. თბილისის მერიას იმ სატრანსპორტო საშუალების სია მიეწოდება, რომლებიც მარკეტებს წყლით მოამარაგებს", - განაცხადა BMG-სთან "დისტრიბუტორთა ასოციაციის" პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ.
როგორც ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, შეთანხმება პრობლემის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. GWP-ის ინფორმაციით, სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დასრულდება.