მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო - წყალი 80 000-მდე აბონენტს შეუწყდა

ცენტრალური მაგისტრალი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"26 სექტემბერს, 03:00 საათზე, ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება გეგმის შესაბამისად შეწყდა. სისტემის დაცლის შემდეგ, 06:00 საათზე, მოქმედი მაგისტრალის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოები, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. გეგმის მიხედვით, უშუალო გადაერთების სამუშაოები დაახლოებით 24 საათს გასტანს.

გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. წყალმომარაგების სრულად აღდგენა 27 სექტემბერს, 15:00 საათამდე იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მშენებარე ახალი ხიდის გამო, რომლის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის. მის გადასატანად ახალი მილი მოეწყო და ახლა მოქმედი ქსელი სწორედ მასზე ერთდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” კოორდინაციით, სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს უწევს. პროცესის შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგულარულად მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია საავტომობილო გზების გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები