მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა დამატებით რეგულირებას არ საჭიროებს - რითეილ ასოციაცია

გუდვილი

რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა დამატებით რეგულირებას არ საჭიროებს.

როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, რითეილ ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და დისტრიბუტორებს აქვთ საშუალება, იმ სავაჭრო ქსელთან გააფორმონ ხელშეკრულება, რომელიც მათ მისაღებ პირობებს შესთავაზებს.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ბიზნესსუბიექტებს შორის არსებულ ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი უკვე არეგულირებს და ბაზრისთვის რაიმე დამატებითი რეგულაციების შემოღება მიზანშეწონილი არ იქნება.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის დაწესებულ გადასახადებს, ასოციაციაში აცხადებენ, რომ აქ რაიმე ერთიანი მიდგომა არ არსებობს და საკითხი მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად წყდება.

„რაიმე დამატებითი საკანონმდებლო აქტის მიღების აუცილებლობა არ არსებობს, დღევანდელი სამოქალაქო კანონმდებლობით ნებისმიერ რითეილერს და სადისტრიბუციო კომპანიას აქვს სრული უფლება, მოითხოვოს მისთვის საჭირო პუნქტის გათვალისწინება ხელშეკრულებაში. თუ რომელიმე მხარე არ ითვალისწინებს მისთვის საჭირო პირობა, მას შეუძლია არ გააფორმოს ასეთი ხელშეკრულება. დღეს რითეილ ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მაღალი კონკურენციაა და დისტრიბუტორს შეუძლია, იმ სავაჭრო ქსელთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც მას მისაღებ პირობებს შესთავაზებს.

რაც შეეხება საკითხს, მაღალია თუ არა რითეილ სექტორის მიერ დაწესებული გადასახადები, აქაც არაა რაიმე ერთიანი მიდგომა და სხვადასხვა სავაჭრო ქსელებს განსხვავებული პირობები აქვთ. არსებობს არაერთი ქსელური მარკეტი, რომელსაც რიგ პროდუქტებზე საერთოდ არ აქვს დამატებითი ტიპის გადასახადები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რითეილ სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადგილობრივ მეწარმეებს და სოფლის მეურნეობის დარგს მხარი დაუჭიროს და მათ ლოიალური პირობები შესთავაზოს“, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

ცნობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიები მთავრობას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას სთხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მხრიდან პროდუქციის განთავსებაზე და რეალიზაციაზე დაწესებული მოთხოვნები და გადასახადები მზარდია, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები