სადისტრიბუციო კომპანიები მთავრობას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას სთხოვენ.
კომპანიებში აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მხრიდან პროდუქციის განთავსებაზე და რეალიზაციაზე დაწესებული მოთხოვნები და გადასახადები მზარდია, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.
როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ქსელურმა მაღაზიებმა სადისტრიბუციო კომპანიებთან ხელშეკრულებებში ცვლილებები მიმდინარე წელსაც შეიტანეს და რიგი მიმართულებით გადასახადები მორიგ ჯერზე გაზარდეს, რაც საბოლოოდ დახლზე მომხმარებელს პროდუქციასაც უძვირებს.
ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ივა ჭყონიას თქმით, აუცილებელია სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდეს, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.
„ბოლო წლებია აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლიდან წლამდე რითეილ სექტორის მოთხოვნები მზარდია და ცალსახად, მზარდი მოთხოვნები ნეგატიურად აისახება ფასებზე. რითეილ სექტორიდან მომდინარე მოთხოვნების შესრულება საბოლოოდ პროდუქციის ფასში აისახება. ამიტომ კარგი იქნებოდა, ერთობლივად გვემუშავა როგორც მწარმოებლებს, ასევე დისტრიბუტორებს და სავაჭრო ქსელებს. სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტში ისეთი საკითხები იყო გაწერილი როგორიცაა გადახდის პირობები, გარკვეული გადასახადები, რომლებიც ნეგატიურად აისახება ფასებზე, იქ ძალიან ბევრი პუნქტი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში ურთიერთობებს დაარეგულირებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
ქსელური მაღაზიების მხრიდან დაწესებულ მაღალ გადასახადებზე საუბრობენ სადისტრიბუციო კომპანია “იბერია რეფრეშმენტსშიც”. კომპანიის ფინანსური დირექტორის, ნინო მამისაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ქსელების მიდგომა დისკრიმინაციულია და ქსელური მაღაზიები ერთსა და იმავე პროდუქციის მიმწოდებლებს განსხვავებულ პირობებს უწესებენ. შესაბამისად, კომპანიაში დარგში გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„პრობლემა დისტრიბუტორებს და რითეილ სექტორს შორის დიდი ხანია არსებობს. შარშან პრემიერის ინიციატივით თითქოს დაიწყო ამ საკითხზე დისკუსია და წესით წინსვლაც უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს პროცესი გაჩერდა. პრობლემა კვლავ ძალაშია. იზრდება სხვადასხვა ტიპის გადასახადების ოდენობა, რასაც სავაჭრო ქსელები დისტრიბუტორებს უწესებენ. ხანდახან მიდგომა დისკრიმინაციულიცაა, რადგან ერთსა და იმავე პროდუქციის მიმწოდებლებს შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ჰქონდეთ დაწესებული. ამ ტიპის ურთიერთობებს გარკვეული რეგულაციები სჭირდება, ეს უნდა იყოს შეთანხმებული და მეორე მხარის მიერ მიღებული“, - განაცხადა ნინო მამისაშვილმა.
ცნობისთვის, სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის თებერვალში დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა, თუმცა კანონპროექტის ირგვლივ პროცესები მალევე გაჩერდა. დაბრუნდება თუ არა ისევ დღის წესრიგში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი - ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.