მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტორები, რომლებიც პროდუქტის 100%-იან ფასნამატს განაპირობებს - ასოციაციის განმარტება

63e1f56bf3bff
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 11:12
1713
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომხმარებელს პირველადი მოხმარების პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ განცხადების დასტურად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიერ სურსათის ფასების მოკვლევის პირველადი შედეგები დაასახელა. სურსათზე ფასების შემცირების მიზნით მთავრობის მეთაურმა, 6 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა და ამ იმპორტიორებთან ერთად ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა და ორი კვირის განმავლობაში გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება დაავალა.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას იზიარებს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებიც მომხმარებლისთვის პროდუქტს აძვირებს. ივა ჭყონია BM.GE-სთან განმარტავს, რომ პროდუქტების მაღალი ღირებულების საკითხზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან არაერთხელ უსაუბრიათ და ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

„როდესაც ვამბობთ, რომ იმპორტიორებს პროდუქციას რიგ შემთხვევაში, 60-70%-იანი ფასნამატით ყიდიან, ეს იმით არის განპირობებული, რომ იმპორტიორებს რითეილის მხრიდან გაზრდილი გადასახადების გამო, ფასნამატის ზრდა უწევთ. გაზრდილ გადასახადში იგულისხმება რეტროს ბონუსი, "ქეშბექი", რომელიც საშუალოდ მარჟაში რომ გადავიყვანოთ, 20-25%-ია, ხოლო ფასნამატში მისი წილი, რიგ შემთხვევაში, შეიძლება 40-50% იყოს, მათ შორის არის მაღაზიაში შესვლის გადასახადი, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, შტრიხკოდის გადასახადი; ამასთან, არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქსელური სუპერმარკეტებიდან რეალიზებული თანხის ანაზღაურება ხდება 45-90 დღის შუალედში, რაც დამატებით რესურსს მოითხოვს და რიგ შემთხვევაში, ეს საბანკო პროდუქტია.

ასევე, ბოლო თვეების განმავლობაში სადისტრიბუციო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკა, დაახლოებით, 20-30%-ით გაიზარდა. ლარის დასტაბილურებამ კომპანიებს ამის საშუალება მისცა. სწორედ ეს განაპირობებს იმპორტიორების მხრიდან პროდუქტზე ფასნამატის ზრდას“, - განმარტა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ოპერირებისას სხვადასხვა რისკების გადაზღვევა უწევთ და ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ღია ვართ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან და გვქონდა საუბარი, რომ გარკვეულწილად ბაზრის დარეგულირებაა საჭირო. მათ შორის არაერთი ბრენდული სუპერმარკეტი გასულა და მილიონობით ზარალი მიუყენებია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, გარკვეულწილად ბალიში რომ არ დაიჭირონ კომპანიებმა, ისინი უბრალოდ დაიხურებიან, რადგან არაერთ მცირე ზომის კომპანიას მოუწია დახურვა ამ ქსელური სუპერმარკეტების დახურვის შემდეგ.

აქ ძირითადი აქცენტი ალბათ პირველადი მოხმარების პროდუქტზეა გაკეთებული. მულტინაციონალური ბრენდის წარმომადგენლები საერთოდ არ არეგულირებენ ფასებს. კომპანიის წარმომადგენლობა თავად განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას და ამაში სადისტრიბუციო კომპანიები ნაკლებად ერევიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სადისტრიბუციო კომპანიების მომგებიანობა 2-დან 4%-მდეა. მაღალი და თვალსაჩინო ფასნამატი კი, რითეილ სექტორის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

მზად ვართ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და კონკურენციის სააგენტოსთან სათანამშრომლოდ, დეტალურად მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია“, - უთხრა BM.GE-ს ივა ჭყონიამ.

კითხვაზე - იმპორტირებიდან დახლზე მოხვედრამდე ყველაზე მეტად რომელ ეტაპზე ძვირდება პროდუქტი, ივა ჭყონია ამბობს, რომ დისტრიბუტორებს რიტეილ სექტორში არსებული გადასახადების გამო ქსელში შეტანა მაღალი მარჟებით უწევთ, რათა ის გადასახადები დააკომპენსირონ, რომელიც მათთვისაა დაწესებული. ის იმასაც აცხადებს, რომ იმპორტიორები პროდუქტის რეალიზებას კარტელური ფასებით არ ახდენენ.

„კომპანიის მხრიდან პროდუქტის შემოტანისა და ქსელური ჰიპერმარკეტისთვის მიწოდებისას, მას ამ პროდუქტის შეტანის შემდეგ გარკვეული ბონუსის გადახდა უწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეტანილ პროდუქტზე 20-25% მარჟას იხდის, ანუ ფასნამატი თუ 70%-ია, დაახლოებით, 40-45% შეიძლება იყოს ის გადასახადი, რომლის გადახდაც ქსელურ სუპერმარკეტზე უწევს. დამატებით ახალი მაღაზიის გახსნის საფასური და ქსელში დაშვების საფასური პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ეს გადასახადები მზარდია და მათი ზრდა, დაახლოებით, 10-11 წლის წინ დაიწყო, მაშინ საბონუსე სისტემა 2-3% იყო, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშუალოდ 20-25%-ის ფარგლებშია.

მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ფასები საკმაოდ ცვალებადია. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე იმპორტიორი სპეკულირებს ან კარტელური ფასით ყიდის პროდუქტს, ამის მარტივი მაგალითია ზეთის ფასი, რომელიც რამდენიმე თვის წინ 12-15 ლარი ღირდა და დღეს 5-6 ლარია. ვიღაცამ, დღეს ჩვენ სექტორში ზედმეტი მოგება რომ ნახოს, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ უწყებებთან“, - განმარტა ივა ჭყონიამ.

„მოსახლეობას 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქტების შეძენა“ - პრემიერის დავალება მინისტრებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები