„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ მსოფლიოში ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზეც აისახება.
როგორც მან BMG-ის უთხრა, ფასის კლება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, ბაზარზე სავარაუდოდ, დიზელის უფრო მეტად გაიაფდება, ვიდრე ბენზინი, რადგან ირანის ომის გამო დიზელი ბენზინზე მეტად გაძვირდა.
"ჩვენ ფასს კონკრეტული არითმეტიკით ვანგარიშობთ. ეს არითმეტიკა, როგორც აღვნიშნე, ივნისის დასაწყისიდან დადებითია და შემცირების ტრენდს აჩვენებს. ამის ასახვა ბაზარზე დროის მოკლე მონაკვეთში აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ეს ტრენდი უკვე 10 დღეა ეტაპობრივად გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ფასის მომატებაც დაფიქსირდა. საერთო ჯამში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ტენდენცია შემცირებისკენ არის. ბუნებრივია, ამას საცალო ბაზარზე ასახვა ექნება ფასის შემცირების კუთხით და ჩვენი მომხმარებელი ქსელში უკვე ახლო პერიოდში ნახავს.
შედარებით ანალიზს ვაკეთებდი და რაც ეს კონფლიქტი დაიწყო ანუ პირველი მარტიდან საერთო ჯამში ფასი დაახლოებით 60-65 თეთრით არის გაზრდილი. ბენზინი ისე არ გაძვირებულა, როგორც დიზელი. დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 1.20 ლარით, ხოლო ბენზინის დაახლოებით 60 თეთრით. ასე რომ ბენზინის ფასი, მოდი ასე ვთქვათ, შემცირებისკენ ისე არ დაკორექტირებულა როგორც დიზელის.
თუ მოლოდინებს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის განვიხილავთ, დიზელის ფასის ნიშნული ალბათ უფრო მეტად წამოვა უკან, ვიდრე ბენზინისა. დღევანდელი გადმოსახედიდან ასეა. ანუ დიზელი სწრაფად გაიზარდა და შესაბამისად, მეტად შემცირდა, ვიდრე ბენზინი. ბენზინი ამ შემთხვევაში უფრო სტაბილურია. თუმცა ფასი ბენზინზეც შემცირდება. ციფრებში კლება უფრო მეტად დიზელზე იქნება მოსალოდნელი, თუმცა ბენზინზეც მოხდება ფასის კორექტირება", - განაცხადა ხორავამ.
აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასის დაღმასვლა გრძელდება. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 67 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ თვეში 34%-ით, ხოლო პიკურ 125 დოლართან შედარებით 46%-იანი კლებაა.
მკვეთრად, თითქმის 26%-ით არის გაუფასურებული Brent-ის ტიპის ნავთობიც, რომელიც ამჟამად 81 დოლარად ივაჭრება, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს.




























