მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Doing Business-ის ჩამნაცვლებელი ინდექსი ცნობილია - მსოფლიო ბანკი Business Ready-ზე მუშაობს

6458b72fab62c
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.23 12:47
803
მსოფლიო ბანკმა წარადგინა ახალი ინდექსი, რომლითაც მსოფლიოს ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ინვესტიციებისადმი მიმზიდველობას და დასაქმება პროდუქტიულობის მაჩვენებლებს შეაფასებს. ახალი ინდექსის შემუშავება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ბანკმა Doing Business-ის ინდექსში არსებული გადაცდომების გამო, აღნიშნული ინდექსის წარმოება შეწყვიტა.

მსოფლიო ბანკის მიერ Doing Business-ის რეიტინგის წარმოების შეწყვეტამდე, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით, 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Business Ready 180-მდე ეკონომიკას შეაფასებს. ბანკის პრესრელიზის თანახმად, ეს იქნება უფრო გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული შეფასება, რომელიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტების რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა.

პირველი ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება 2024 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი.

თავდაპირველ ეტაპზე, ამ ინდექსში მხოლოდ 54 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება. პრესრელიზის თანახმად, ქვეყნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება ამ ქვეყნების მთავრობებისგან, ასევე ამ ქვეყნებში მოღვაწე მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობებისგან.

Busiess Ready-ის ინდექსი აფასებს ბიზნესის კეთებასთან და ბიზნესგარემოსთან დაკავშირებულ 10 სფეროს, მათ შორისაა ბიზნესის დაფუძნებიდან დაწყებული, მისი დაშლა/გაკოტრებით დასრულებული ყველა ძირითადი ასპექტი, მათ შორისაა, ბაზრებზე შესვლა, კომუნალური სერვისების მიღება, თანამშრომლების აყვანა, ფინანსური სერვისების მიღება, საერთაშორისო ვაჭრობა, საგადასახადო პოლიტიკა, დავების გადაწყვეტა, საბაზრო კონკურენცია, გადახდისუუნარობა.

2024 წლის ინდექსში 54 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 2025-ში - 120, 2026 წელს კი ქვეყნების რიცხვი 180-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები