მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Doing Business-ის სკანდალის გამო, IMF-ის მმართველმა დირექტორმა შესაძლოა პოსტი დაკარგოს

61642218a2054
შოთა ტყეშელაშვილი
11.10.21 16:00
836
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ, დღეს შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. Reuters-ის ინფორმაციით, გეორგიევას პოსტის შესახებ სავალუტო ფონდის 24-წევრიან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

საქმე Doing Business-ის სკანდალს უკავშირდება, კერძოდ კი ცნობებს, რომ კრისტალინა გეორგიევა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ახდენდა ზეწოლას Doing Business-ის სამუშაო ჯგუფზე, რათა მათ რეიტინგში ჩინეთის პოზიციები გაეუმჯობესებინათ. თუმცა, გეორგიევა აღნიშნულს უარყოფს. საკითხზე შიდა მოკვლევა ჩაატარა თავად მსოფლიო ბანკმაც, მოკვლევის შედეგებით, გეორგიევა მართლაც ლობირებდა რეიტინგში ჩინეთის დაწინაურებას. კერძოდ ქვეყანა სიაში 85-ე ადგილზე უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული ზეწოლის შედეგად მან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს და კიდევ სხვა დარღვევები გახდა მიზეზი, რის გამოც თავად მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის რეიტინგების წარმოება და გამოქვეყნება საერთოდ შეწყვიტა.

სავალუტო ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გეორგიევას საკითხზე 4-საათიანი შეხვედრა გამართა პარასკევსაც. Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა პარასკევს გამართულ სხდომაზე გეორგიევას მიერ პოსტზე დარჩენას მხარი დაუჭირეს, თუმცა აშშ-ის მთავრობა Doing Business-ის რეიტინგის მომზადებისას არსებული დარღვევევის უფრო დეტალურ შესწავლას ემხრობა. სამეთვალყურეო საბჭოზე ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ აშშ-ს აქვს, რაც IMF-ის ხმათა უფლებების 16.5%-ს შეადგენს. 6.14%-ით მეორე ადგილზე იაპონია, 6.08%-ით კი მესამეზე ჩინეთია.

კრისტალინა გეორგიევა IMF-ს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები