მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარიზაციის 35% არის ბუნებრივი დონე, როცა ყველა ჰეჯირებულია - ოთარ ნადარაია

ნადარაია

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ საქართველოსთვის დოლარიზაციის ბუნებრივ დონეს დაახლოებით 35% წარმოადგენს. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნულზე ორიენტირი არასწორია.

ცნობისთვის, Fitch Ratings-ის საბანკო განყოფილების უფროსმა არტემ ბეკეტოვმა "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დოლარიზაცია საკვანძო ფუნდამენტური სტრუქტურული რისკია ქართული ბანკებისთვის. მისივე თქმით, მართალია დოლარიზაცია მცირდება, თუმცა ნელი ტემპით.

"ჩვენი შეფასებით, დოლარიზაციის დაახლოებით 35% არის, რასაც ჩვენ შეიძლება დავარქვათ ეგრეთ წოდებული ბუნებრივი დონე, სადაც ყველა ჰეჯირებულია. ამიტომ, ჩვენ შემთხვევაში არ უნდა იყოს 100% ლარიზაცია, ხომ? ამაზე მე მგონი ყველა ერთ აზრზეა. სხვათა შორის, ვისურვებდი, სარეიტინგო სააგენტოებში ეს უფრო კარგად იყოს გამოკვეთილი. მაინც სარეიტინგო სააგენტოებს, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მაინც ნულზე აქვთ ორიენტირი და ეს არასწორია. მარტივი საკითხი ეს არ არის, იმიტომ, რომ გააჩნია კომპოზიცია როგორია. ჩვენ რომ ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ყიდიან რუსეთში, ან თუნდაც გზავნილები იმ მასშტაბით არ არის, მაგრამ მაინც დარჩენილია მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რუსეთიდან არის. ეს შემოსავალი რუსეთიდან არ არის ლარში, მაგრამ არც დოლარშია, არის რუბლში. ანუ ეკონომიკური შინაარსით ეს არც ლარია და არც დოლარი. ჩვენ როცა ვამბობთ ამ 35%-ს ან თუნდაც 40%-ს [დოლარიზაციის], იქ მარტო ევრო-დოლარი ვერ იქნება ხომ?",- ამბობს ეკონომისტი.

ოთარ ნადარაიამ ასევე ისაუბრა რისკებზე და აქცენტი უძრავი ქონების მიმართულებით შიდა განვადებებზე გააკეთა. ასევე, უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო გადაჭრის შედეგად შემოდინებების კლების პერსპექტივაზე.

"ვიცით, რომ შიდა განვადებები ლარში არ არის. ანუ მე თუ ლარში მაქვს შემოსავალი და ჩემთვის ვალუტის იპოთეკა რისკია, ასევე ვალუტის შიდა განვადებაც რისკია. მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა აიკრძალოს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი საკითხია იმ მასშტაბით, რა მასშტაბსაც დღეს ამ თემამ მიაღწია.

ასევე, რისკებს შორის ჩამოვთვლიდი უკრაინის კონფლიქტის რეზოლუციას, რომელიც ყველასთვის სანატრელი სცენარია. ამ კონფლიქტმა დამატებითი სავალუტო შემოდინებები გამოიწვია, მისი შესაძლო მოგვარება კი, ჩემი აზრით, გარკვეულ ამ შემოდინებებს უკან გაიწვევს",- ამბობს ოთარ ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები