მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Domino's Pizza რუსეთში ბიზნესის გაყიდვას განიხილავს - BBC

63ad365719b42
თათია კაკიაშვილი
29.12.22 10:59
494
უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ, რუსეთში Domino's Pizza-ს ოპერატორი ბიზნესის გაყიდვას განიხილავს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, DP Eurasia, რომელიც რუსეთში Domino's Pizza-ს ფრენჩაიზს ფლობს, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დასავლურ კომპანიას შორის, რომელსაც ქვეყანაში მომსახურება ამ დრომდე არ შეუჩერებია.

ამ დროის მონაცემებით, DP Eurasia-ს რუსეთში Domino's Pizza-ს 171 ფილიალი აქვს. კომპანია ასევე ოპერირებს თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მომდევნო დღეებში, კერძოდ, 2022 წლის 28 თებერვალს, DP Eurasia-მ განაცხადა, რომ იმ პერიოდში „ჯგუფის რუსული ბიზნესისთვის რაიმე შესაძლო შედეგების რაოდენობრივი შეფასება ძალიან ნაადრევი იყო.

„ჯგუფის ყველა თანამშრომლის და მომხმარებლის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველეს პრიორიტეტად რჩება. DP Eurasia შოკირებული და დამწუხრებულია კონფლიქტით და იმ ეფექტით, რომელიც ომმა მთელი რეგიონის მასშტაბით უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე მოახდინა. მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჯგუფის მუშაობას მატერიალური შეფერხება არ ჰქონია,” - წერია DP Eurasia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო, რუსეთში ოპერირება არაერთმა სწრაფი კვების დასავლურმა ობიექტმა შეწყვიტა. მათ შორის, McDonald’s-მა 850 რესტორანი დახურა ომის შედეგად გამოწვეული „ჰუმანიტარული კრიზისისა“ და „არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს“ მოტივით. ქსელის დიდი წილი რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრე გოვორმა იყიდა, რომელმაც რესტორნების რებრენდინგი მოახდინა და "ვკუსნო ი ტოჩკა" უწოდა. რუსეთის ბაზრიდან ასევე გავიდა KFC-ის მფლობელი Yum! Brands-იც, რომელიც ასევე Pizza Hut-ს ფლობს და რესტორნის ქსელები ადგილობრივ ბიზნესებს მიჰყიდა. Burger King-ის მფლობელი რესტორანი Brands International-ი კი რუსეთში ერთობლივი საწარმოს მეშვეობით ოპერირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში საქმიანობის შეჩერება სურდა, მაგრამ 800 მაღაზიის რუსულმა ოპერატორმა „უარი“ თქვა მათ დახურვაზე.