მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანას არ გამორიცხავს

ტრამპი მსოფლიოს ჩემპიონატი 2026

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები აშშ-ის იმ მასპინძელ ქალაქებს ჩამოართვას, რომლებიც მისი განცხადებით “თუნდაც ოდნავ საშიშად“ მიიჩნევა.

ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას ტრამპმა ჯერ გარანტია გასცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი “ძალიან უსაფრთხო“ იქნებოდა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ თავად ჩაერეოდა და მასპინძელ ქალაქებს თამაშებს ჩამოართმევდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ახსენა სიეტლი და სან-ფრანცისკო, როგორც ქალაქები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციის პოლიტიკას დაუპირისპირდნენ, არადა აღნიშნულ ლოკაციებზე თითო ქალაქმა ექვსი მატჩი უნდა მიიღოს.

სიეტლის „ლუმენ ფილდზე“ ჩატარდება ოთხი ჯგუფური ეტაპის მატჩი, მათ შორის აშშ-ის ნაკრების მეორე შეხვედრა 19 ივნისს. ასევე მასპინძლობა მოუწევს მერვედფინალისა და 1/32 ფინალის შეხვედრებს. “ლევის სტადიონი“, რომელიც სინამდვილეში სანტა კლარაში მდებარეობს, სან-ფრანცისკოდან დაახლოებით 40 მილის სამხრეთით, უმასპინძლებს ხუთ ჯგუფურ მატჩს და ერთ შეხვედრას 1/32 ფინალიდან.

მას შემდეგ, რაც FIFA-მ თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი განსაზღვრა, აშშ-ის 11-ვე მასპინძელი ქალაქი ემზადება იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი მოითხოვს. სიეტლისა და სან-ფრანცისკოს გარდა, მასპინძელთა სიაა: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, ლოს-ანჯელესი, კანზას სითი, მაიამი, ნიუ-იორკი/ნიუ ჯერსი და ფილადელფია. მექსიკაში მატჩები გაიმართება მეხიკოში, გუადალახარასა და მონტერეიში. კანადაში კი მასპინძლები იქნებიან ვანკუვერი და ტორონტო.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად შესაძლებელია თამაშების ადგილის შეცვლა, რადგან ღონისძიება უკვე მომავალ ზაფხულს იწყება.

ტრამპს პირდაპირი უფლება არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობა ქალაქებს ჩამოართვას, თუმცა მას აქვს მჭიდრო კავშირი FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან. FIFA-ს მასპინძელ ქალაქებთან დადებული კონტრაქტები, რომელთა ნაწილიც საჯარო დოკუმენტებით გახდა ცნობილი, აწესებს, რომ FIFA-ს “არ აქვს ჩვეულებრივი შეწყვეტის უფლება“, თუმცა ორგანიზაციას მაინც ანიჭებს ფართო ძალაუფლებას და იცავს ნებისმიერი სამართლებრივი პრეტენზიებისგან, თუ იგი კონტრაქტს დაარღვევს ან შეწყვეტს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე გამოყო 625 მილიონი დოლარი მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოებისთვის. ეს თანხა განაწილდება პროპორციულად, თუმცა არა თანაბრად აშშ-ის 11 მასპინძელ ქალაქს შორის, მათი საჭიროებების მიხედვით. ქალაქები წარადგენენ ხარჯებს და ანაზღაურების მოთხოვნას. უცნობია, შეძლებს თუ არა ტრამპი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ამ ფინანსების პოლიტიზებას ან მათ შეკავებას.
მსოფლიოს ჩემპიონატის 48 გუნდის ტურნირის წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები