აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აპირებს ხელი მოაწეროს სპეციალურ ბრძანებას, რომლის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-ში იმიგრანტების მიღება დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„უხილავი მტრის თავდასხმის შესაჩერებლად და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, მოვაწერ ხელს განკარგულებას იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ“, - წერს ტრამპი.
BBC-ის ცნობით, კრიტიკოსების აზრით, ამერიკის მთავრობა პანდემიას იმიგრაციის გაჩერების საბაბად იყენებს.
ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გააჟღერა, რაც ამერიკაში ეკონომიკური აქტივობის განახლება დაანონსა, რადგან მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიის პიკმა გადაიარა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ეკონომიკის „გახსნა“ მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება.
როგორც გამოცემა წერს, საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დააზარალა ამერიკის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი და ბევრი მოქალაქე სამსახურის გარეშე დარჩა. ბოლო 4 კვირის განმავლობაში 20 მილიონ ამერიკელზე მეტმა გააკეთა განაცხადი უმუშევართა შემწეობაზე.