მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი და გუსტავო პეტრო თეთრ სახლში შეხვდებიან

დონალდ ტრამპი და გუსტავო პეტრო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო ზარი შედგა, სადაც მხარეებმა ბოლო პერიოდში გამწვავებული ურთიერთობები განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პრობლემური საკითხები პირისპირ გაარკვიონ.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა “მადუროს ხვედრი”, ფაქტობრივად, კოლუმბიის პრეზიდენტსაც დაუანონსა. როგორც შტატების ლიდერმა თქვა “კოლუმბიის ლიდერს უყვარს ნარკოტიკების დამზადება და მათი ამერიკაში კონტრაბანდულად შეტანა, ეს კი დიდ ხანს აღარ გაგრძელდება”.

როგორც სატელეფონო ზარის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, გუსტავო პეტროსთან ნაყოფიერი მოლაპარაკება ჰქონდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხს თეთრ სახლში შეხვედრისას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით დეტალები არ დაუანონსებიათ.

ცნობისთვის, კოლუმბიის მემარცხენე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის გამორჩეული კრიტიკოსია. პეტრო იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა და შტატების ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს უკანონო დატყვევებაში დასდო ბრალი. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტის გაკრიტიკება თეთრ სახლში ხელახლა დაბრუნებიდან მალევე დაიწყო და მას ნიკოლას მადუროს მსგავსად ნარკოტიკების შტატებში შეტანაში სდებდა ბრალს. პრეზიდენტმა არაერთხელ გააჟღერა მუქარაც, რომ თუ ქვეყანა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ როგორც მთავრობის, ისე ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს გამოაცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები