ამერიკის შეერთებული შტატები პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს. ამჯერად, დონალდ ტრამპი მეტალების ბაზრის რეგულირებას იწყებს და ფოლადის და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, ტარიფები, რომლებიც ყველა ქვეყანას შეეხება, დღეს ამოქმედდება. მომდევნო დღეებში, დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვისაც აანონსებს, რომელთაც, ბოლო თვეებში, მსგავსი შეზღუდვები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუწესეს.
ფოლადი, ისევე, როგორც ალუმინი, საბირჟო საქონელს წარმოადგენს, ანუ კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ მეტალებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ, რეალურად, სამომავლო კონტრაქტებით, ანუ ფიუჩერსებით ვაჭრობენ. დღეს, ტონა ჩინური ფოლადი $445-ად ივაჭრება, როცა ამერიკული ფოლადის ფასი უფრო მაღალია და ტონაზე $750-ის ტოლია. გასულ ერთ წელიწადში ჩინური ფოლადი 16%-ით გაიაფდა, როცა ამერიკული ფოლადის ფასმა 5%-ით იკლო. ალუმინი გაცილებით ძვირიანი მეტალია და ტონაზე $2,645-ად ივაჭრება და გასულ ერთ წელიწადში ის თითქმის 20%-ით გაძვირდა.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28.9 მილიონი ტონა ფოლადი შევიდა, ანუ მეტალის იმპორტმა ერთ წელიწადში 2.5%-ით იმატა. ამავე პერიოდში, აშშ-ში 75 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვეს, ანუ იმპორტზე ბაზრის დაახლოებით მესამედი მოდის. კონკრეტულად რა მოცულობის ალუმინი აწარმოვა და იყიდა ამერიკამ გასულ წელს, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ 2023 წელს იმპორტმა 3.7 მილიონი ტონა შეადგინა, წარმოებამ კი მხოლოდ 860,000 ტონა. გამოდის, რომ ალუმინის მხრივ, შეერთებული შტატები იმპორტზე არის დამოკიდებული.
თუკი ამერიკის შეერთებული შტატებს ფოლადის და ალუმინის იმპორტის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ორივე მეტალის მიმართულებით კანადა ლიდერობს — სახელმწიფო, რომელსაც დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები ისედაც დაუწესა, მაგრამ, მოგვიანებით, გადაწყვეტილება ერთი თვით გადაავადა. კანადასთან ერთად, ყველაზე მეტი ფოლადი აშშ-ში მექსიკიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან შემოდის, როცა ალუმინის კუთხით მთავარ ბაზრებს შორის აგრეთვე კანადას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, რუსეთის ფედერაციას და არგენტინას ვხვდებით. საინტერესოა, რომ კანადური იმპორტი ყველა სხვა ქვეყანას რამდენიმეჯერ აღემატება.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ ფოლადზე და ალუმინზე ტარიფების დაწესება მოულოდნელი არ არის, რადგან ე.წ. სავაჭრო ომი, რომელიც ახლა მეტად მწვავე ფაზაში შევიდა, თავად დონალდ ტრამპმა დაიწყო, ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. ამასთან, ამერიკული წარმოების პროდუქციის გაიაფება და ამ გზით ინფლაციის შემცირება ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. დღეს, ტარიფები უკვე დაუწესდათ ჩინეთს, კანადას და მექსიკას, მაგრამ აშშ-ის მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში 30-დღიანი პაუზა მოქმედებს.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად ტარიფზე, რომელიც პროტექციონისტული, ანუ დამცველობითი, შეიძლება ითქვას ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ის ქვეყანა, რომელსაც ტარიფი უწესდება, ვალდებულია, აშშ-ის ბიუჯეტში დამატებითი გადასახადი გადახადოს, რაც მის პროდუქციას ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით აძვირებს და მომხმარებელთა დიდი ფენისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. შედეგად, იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება, ადგილობრივზე კი — იზრდება.
სულ მცირე, ასე ხდება თეორიულად, მაგრამ პრაქტიკული ეკონომიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად, მით უმეტეს, ღია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ტარიფებს, შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი ჰქონდეს. აღნიშნული ყველაზე ნათლად ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე ჩანს, რადგან ტარიფები, როგორც წესი, ცალმხრივად არ წესდება, რაც ე.წ. სავაჭრო ომს იწვევს. ამ დინამიკით კი ყველაზე მეტად ის კომპანიები ზარალდებიან, რომელთაც ჩინეთიდან გარკვეული პროდუქცია შემოაქვთ, მაგალითად სათადარიგო ნაწილები, რომლითაც ამა თუ იმ მოწყობილობას ქმნიან და მოგვიანებით, აშშ-ის ბაზარზე ყიდიან.
გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფი იმპორტირებულ საქონელს ხელოვნურად აძვირებს, ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელს შორის თავისუფალი კონკურენციის პირობები ირღვევა, რაც, ხშირად, პროდუქტების ფასებზე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ხოლო ინფლაცია არათუ იკლებს, არამედ იზრდება. ამასთან, ტარიფების დაწესებით, შესაძლოა, შეიზღუდოს ინოვაცია, რაც თავისუფალი ეკონომიკის ბუნებრივ ზრდას აფერხებს. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-იც და ჩინეთიც ტიტანები არიან, გავლენა, სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწესებენ, მთელ მსოფლიოზე აისახება.




























