მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიცია ჯერ მზად არ არის

trump

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედგაცრუება გამოხატა ზოგიერთი მოკავშირის პოზიციის გამო, რომლებიც უარს ამბობენ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების ესკორტირების კოალიციაში გაწევრიანებაზე.

პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა ენთუზიაზმით ეკიდება ინიციატივას, სხვები ნაკლებ მზაობას იჩენენ. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სახელმწიფოებზე, რომელთა უსაფრთხოებასაც აშშ ათწლეულების განმავლობაში ათობით მილიარდი დოლარით აფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მონაწილე ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა, მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ სიას მალე გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან პოზიციები არაერთგვაროვანია. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბერლინი მხედრო მისიაში მონაწილეობას მან არ მიიღებს, სანამ ომი არ დასრულდება. ქვეყნის ლიდერის თქმით, გერმანიას არავითარი ვალდებულება არ აქვს, რადგან აშშ-ს და ისრაელს ომის დაწყებამდე გერმანიასთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კი აღნიშნა, რომ ლონდონი მოკავშირეებთან ერთად პრობლემის გადაჭრის გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, სრუტის გახსნა და ნაოსნობის თავისუფლების აღდგენა მარტივი ამოცანა არ იქნება. რაც შეეხება საფრანგეთს, პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა ნაოსნობის აღდგენის აუცილებლობა, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე ფრანგული ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე რჩება.

პარალელურად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტოკიოს ამ დროისთვის ტანკერების ესკორტირების გეგმა არ აქვს და მხოლოდ დამოუკიდებელი ნაბიჯების შესაძლებლობებს განიხილავს. რაც შეეხება თავად ამერიკულ მხარეს, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა განმარტა, რომ ამერიკული ფლოტი სრუტის გახსნისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან სამხედრო რესურსები ამჟამად ირანის შეტევითი შესაძლებლობებისა და სამხედრო ინდუსტრიის განადგურებაზეა ფოკუსირებული. შეგახსენებთ, ირანის თავდასხმების გამო სრუტეში ნაოსნობის შეჩერებამ ნავთობის ფასების 40%-იანი ზრდა გამოიწვია, რაც ისტორიაში მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები