აშშ-ის ფედერალურ სტრუქტურებში თანამშრომელთა საყოველთაო დათხოვნა გრძელდება. ამჯერად, დონალდ ტრამპის და “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” გადაწყვეტილებებს აშშ-ის შემოსავლების სამსახურის, იგივე IRS-ის სამუშაო ძალის 6% შეეწირება, რაც დაახლოებით 6,000 თანამშრომლის გათავისუფლებას ნიშნავს.
IRS-დან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, თანამშრომლებს ფედერალური ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით უშვებენ. აი, სწორედ ესაა თეთრ სახლთან არსებული “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” მანდატი, რომლის გამო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი პოლიტიკაში ჩაერთო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, IRS-დან ჯამში 6,700 ადამიანს გაათავისუფლებენ და ისინი უმეტესწილად ის თანამშრომლები არიან, ვინც შემოსავლების სამსახურში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბიუროკრატიული ექსპანსიის დროს დასაქმდნენ. დღეს, IRS-ში დაახლოებით 100,000 ადამიანი მუშაობს, როცა 2021 წელს სააგენტოს 80,000 თანამშრომელი ჰყავდა.




























