მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დონალდ ტრამპი მაისში სი ძინპინთან შეხვედრაზე სტაბილურობის შენარჩუნებას შეეცდება” - ვაჭრობის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი

ტრამპი და სი ძინპინი

ვაჭრობის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და სი ძიპინგს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე შტატების ლიდერი სტაბილურობის შენარჩუნებას შეეცდება.

მისი თქმით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე სტაბილურია და პრიორიტეტი ამ სტაბილურობის გამყარება იქნება “პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება, თავიდან აირიდოს მასშტაბური კონფრონტაცია” - აცხადებს გრირი.

ჰადსონის ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას ვაჭრობის საკითხებში ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ჩამოყალიბდა ისეთი წესრიგი, როდესაც აშშ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ტარიფებს ჩინურ საქონელზე, თუმცა პარალელურად ჩინურ იშვიათ მიწათა ელემენტებზე წვდომა აქვს.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების მიწოდება იქნება. ჯეიმისონ გრირმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლიფენმა მარტში, პარიზში გამართულ შეხვედრაზე უკვე განიხილეს იმ მინერალების საკითხი, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ირანის ომის გამო პეკინში დაგეგმილი პირველი სამიტის გადადების მიუხედავად, სამუშაო ჯგუფების დონეზე კონსულტაციები არ შეწყვეტილა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონს სურს, აღნიშნული საკითხი მინისტრების დონეზე გადაწყდეს, რათა ლიდერების შეხვედრაზე დამატებითი ბარიერები გამოირიცხოს.

პარალელურად, მხარეები მუშაობენ "სავაჭრო საბჭოს" მექანიზმის შექმნაზე, რომელიც განსაზღვრავს იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელთა ვაჭრობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ დააზიანებს. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას, გრირის თქმით, მხარეები ჯერ არ არიან მზად ფართო შეთანხმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ში ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, BYD-ის ქარხნის გახსნაზე, ამერიკელი კანონმდებლები შიშობენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი ავტომწარმოებლები ადგილობრივ ინდუსტრიას საფრთხეს შეუქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები