მინერალები ენერგეტიკული სისტემების, მშენებლობის, წარმოებისა და მოწინავე ტექნოლოგიებისთვის აუცილებელ ნედლეულს წარმოადგენს. თუმცა, მათი მოპოვება ძირითადად რამდენიმე ქვეყანაშია კონცენტრირებული, რომლებსაც მდიდარი ბუნებრივი რესურსები და განვითარებული წიაღისეული საწვავის ინდუსტრია გააჩნიათ.
წარმოგიდგენთ მინერალების გლობალურ მოპოვებას ქვეყნების მიხედვით, წარმოების საერთო მოცულობაზე დაყრდნობით. მონაცემები ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს უახლეს ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც 2024 წლით თარიღდება. ის ყველა ლითონს, სამრეწველო მინერალს (ბოქსიტები, ალმასები) და წიაღისეულ საწვავს (ნახშირი, ნედლი ნავთობი, ბუნებრივი აირი) მოიცავს.
ჩინეთი გლობალურ მოპოვებაში ქვანახშირის ხარჯზე ლიდერობს
ჩინეთმა 2024 წელს მინერალების გლობალურ მოპოვებაში ლიდერის პოზიცია დიდი უპირატესობით დაიკავა. ქვეყანამ 5.3 მილიარდი ტონა ნედლეული აწარმოვა, რაც გლობალური მოცულობის 26.9%-ს შეადგენს. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი ქვანახშირის მოპოვებაზე მოდიოდა, რამაც თითქმის 4.8 მილიარდ ტონას მიაღწია.
უმსხვილესი მინერალური რესურსების მწარმოებელი ქვეყნები (2024 წელი):
| ქვეყანა | მოპოვება (მლნ ტონა) | გლობალური წილი (%) | |
| 1 | ჩინეთი | 5,341.4 | 26.9% |
| 2 | აშშ | 2,397.4 | 12.1% |
| 3 | რუსეთი | 1,566.6 | 7.9% |
| 4 | ინდოეთი | 1,413.8 | 7.1% |
| 5 | ავსტრალია | 1,332.4 | 6.7% |
| 6 | ინდონეზია | 941.9 | 4.7% |
| 7 | საუდის არაბეთი | 620.0 | 3.1% |
| 8 | კანადა | 570.2 | 2.9% |
| 9 | ირანი | 540.3 | 2.7% |
| 10 | ბრაზილია | 529.8 | 2.7% |
| 11 | სამხრეთ აფრიკა | 295.8 | 1.5% |
| 12 | ყაზახეთი | 253.8 | 1.3% |
| 13 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 238.3 | 1.2% |
| 14 | ერაყი | 226.6 | 1.1% |
| 15 | კატარი | 215.2 | 1.1% |
| 16 | ნორვეგია | 199.0 | 1.0% |
| 17 | ქუვეითი | 156.2 | 0.8% |
| 18 | ალჟირი | 151.3 | 0.8% |
| 19 | მექსიკა | 147.2 | 0.7% |
| 20 | თურქეთი | 144.4 | 0.7% |
| 21 | გვინეა | 141.8 | 0.7% |
| 22 | გერმანია | 122.8 | 0.6% |
| 23 | ნიგერია | 115.1 | 0.6% |
| 24 | მონღოლეთი | 109.2 | 0.5% |
| 25 | კოლუმბია | 108.8 | 0.5% |
ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილს 2.4 მილიარდი ტონით (გლობალური მოცულობის 12.1%) იკავებს, რაც ჩინეთის წარმოების ნახევარზე ნაკლებია. მისი მაღალი პოზიცია წიაღისეული საწვავის მნიშვნელოვან მოპოვებაზე, განსაკუთრებით ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაში მის გლობალურ ლიდერობაზე მიუთითებს.
პირველ ხუთეულს რუსეთი, ინდოეთი და ავსტრალია ავსებენ. რუსეთი წიაღისეული საწვავის, ოქროსა და ძირითადი ლითონების მსხვილი მწარმოებელია, ხოლო ინდოეთი მსოფლიოში ნახშირის მოპოვებით მეორე ადგილზეა. ავსტრალია კი ბოქსიტების, რკინის მადანისა და ლითიუმის გლობალურ მოპოვებას ლიდერობს.
პირველ ათეულში რამდენიმე სხვა მსხვილი ენერგეტიკული მწარმოებელიც ფიგურირებს. საუდის არაბეთმა 620 მილიონი ტონა აწარმოვა, ხოლო ირანმა - 540.3 მილიონი ტონა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი მსოფლიო მინერალების ნახევარს აწარმოებს
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე 2024 წელს გლობალური მინერალების მოპოვების 50.3% მოდიოდა, რაც თითქმის 10 მილიარდ ტონას უტოლდება. რეგიონის მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის, ინდოეთის, ავსტრალიისა და ინდონეზიის მოპოვებით იყო განპირობებული.
ჩინეთის გამოკლებითაც კი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა 4.7 მილიარდი ტონა ნედლეული აწარმოვა, რაც გლობალური მოცულობის 23.4%-ს შეადგენს და მიუთითებს, რომ მისი ლიდერობა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული.
მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ ამერიკა გლობალური მოპოვების 15.9%-ით, რომელსაც ევროპა (12.0%) და ახლო აღმოსავლეთი (11.6%) მოსდევს.
მინერალების მოპოვება რეგიონების მიხედვით (2024 წელი):
- აზია-წყნარი ოკეანე - 9 998.7 მლნ ტონა (50.3%)
- ჩრდილოეთ ამერიკა - 3 149.8 მლნ ტონა (15.9%)
- ევროპა - 2 378.3 მლნ ტონა (12.0%)
- ახლო აღმოსავლეთი - 2 311.9 მლნ ტონა (11.6%)
- აფრიკა - 1 084.2 მლნ ტონა (5.5%)
- სამხრეთ ამერიკა - 934.1 მლნ ტონა (4.7%)
- მსოფლიო ჯამი - 19 857 მლნ ტონა (100.0%)
გლობალური მინერალების წარმოება მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება
2024 წელს მინერალების გლობალური მოპოვების თითქმის 90% პირველ 25 ქვეყანაზე მოდიოდა. შესაბამისად, მოცულობის თვალსაზრისით, მსოფლიო წარმოების უდიდესი ნაწილი მწარმოებელთა შედარებით მცირე ჯგუფზე ნაწილდება.
ეს კონცენტრაცია გეოლოგიურ თავისებურებებს, ენერგეტიკულ რეზერვებს, ინდუსტრიულ შესაძლებლობებსა და შიდა მოთხოვნის მასშტაბებს ასახავს. ეს ასევე ნიშნავს, რომ მსხვილი მწარმოებლები კვლავინდებურად ინარჩუნებენ წამყვან როლს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და წარმოების გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში.




























