მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი NASA-ს დირექტორად ჯარედ აიზეკმენს დანიშნავს

ჯარედ აიზეკმენი

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩეული პრეზიდენტი ილონ მასკის ახლო გარემოცვის წევრს, მილიარდერ ჯარედ აიზეკმენს დანიშნავს. აშშ-ისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ბიზნესმენის დანიშვნა უცნაური არ არის, რადგან დონალდ ტრამპის მიერ არჩეული ადამიანების დიდი ნაწილი, სწორედ კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით გამოირჩევა.

ჯარედ აიზეკმენის $1.7-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი, მართალია, ციფრული გადახდების კომპანიაზე, Shift4 Payments-ზე მოდის, რომელიც ანტრეპრენიორმა 1999 წელს დააფუძნა, მაგრამ საზოგადოება მას უკეთესად ასტრონავტის ამპლუაში იცნობს. ჯარედ აიზეკმენი ილონ მასკის SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი კლიენტია, რომელიც კერძო მისიების ფარგლებში კოსმოსში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. სწორედ ჯარედ აიზეკმენი იყო ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

თუკი აშშ-ის სენატი NASA-ს დირექტორის თანამდებობაზე ჯარედ აიზეკმენს დაამტკიცებს, ის $25-მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება. სიმბოლური დანიშნულების გარდა, რომელიც კოსმოსში აშშ-ის დომინაციის დამყარებას გულისხმობს, კოსმოსურ სააგენტოს პრაქტიკული მიზნებიც აქვს, რომელთაგან უპირატესი Artemis-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე ადამიანის დაბრუნებას გულისხმობს. ამ პროცესის ხელმძღვანელად ჯარედ აიზეკმენის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ კოსმოსის კვლევის პროცესში კერძო კომპანიების, მათ შორის SpaceX-ის როლი კიდევ უფრო გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაში ლომის წილი სწორედ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს მიუძღვის. ამგვარად, კონკრეტულ თანამდებობებზე ილონ მასკის ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნა მოულოდნელი არ არის, რადგან წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდაჭერით ილონ მასკმა გარკვეული ძალაუფლება მოიპოვა. ბოლო თვეებში, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი დაახლოვდნენ, ხოლო ილონ მასკი დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა. ილონ მასკი ხშირად ესწრება დონალდ ტრამპის მარ-ო-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ თათბირებს და პირდაპირაა ჩართული მომავალი სამთავრობო კაბინეტის წევრების შერჩევაში. ილონ მასკი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის იდეებს პოლიტიკურ ჭრილშიც შთააგონებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ილონ მასკი მკვეთრად გამდიდრდა. აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 50%-ით იმატა. ასეთივე შედეგი აქვს ილონ მასკის სხვა კომპანიებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანია მორიგი დახურული საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის შემდეგ, SpaceX-ის შეფასება, შესაძლოა, $350 მილიარდამდე გაიზარდოს. თუკი საინვესტიციო რაუნდი მართლაც ამ პირობით დაიხურა, გამოვა, რომ SpaceX-ის შეფასებამ ერთ თვეში 37%-ით იმატა. SpaceX-ის გარდა, საინვესტიციო რაუნდს ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანია, xAI-იც მართავს —- ხელოვნური ინტელექტის კომპანია $6 მილიარდის ინვესტიციას მოიზიდავს, რა დროსაც xAI-ის შეფასება $50 მილიარდი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები