ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-ჯერსიში გასამართი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრება, რომელიც 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება. მატჩი ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალს” და PSG-ის შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება. თუკი ფრანგული კლუბი ფინალში გავიდა, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ.
საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურმა FIFA-მ ნიუ-იორკში მდებარე Trump Tower-ში საკუთარი ოფისი გახსნა, საიდანაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს გააკონტროლებს. ამასთან, არც დონალდ ტრამპის და FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ახლო მეგობრობა უნდა დავივიწყოთ, რადგან ინფანტინო ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუმარს შორის, ვინც საპრეზიდენტო ინაუგურაციას დაესწრო. ტრამპის მიერ მიღებული “დიადი კანონპროექტი” FIFA-სთვის $625-მილიონიანი სარეზერვო ფონდის გამოყოფასაც ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იმ დროს, როცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებად FIFA-მ ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა დაასახელა, პრეზიდენტი სწორედ დონალდ ტრამპი იყო — ოღონდ, პირველად. ახლა კი, დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტია, თანაც მაშინ, როცა მისი ქვეყანა მსოფლიო ფეხბურთის მთავარ მოვლენას უმასპინძლებს. ჯანი ინფანტინოს თქმით, დონალდ ტრამპი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.
დონალდ ტრამპის ნიუ-იორკის ოფისში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის თასიც ინახება და გამორიცხული არ არის, გამარჯვებულ გუნდს ის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადასცეს.




























