აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თეთრ სახლში სამხედრო მრეწველობის სექტორის ლიდერი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ეს ინიციატივა მიზნად ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ამოწურული საბრძოლო მასალის მარაგების შევსებასა და იარაღის წარმოების დაჩქარებას ისახავს. CBS News-ის ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობას Lockheed Martin-ის, Boeing-ისა და RTX-ის ხელმძღვანელები მიიღებენ. მხარეები წარმოების მასშტაბების გაზრდაზე, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებების აღმოფხვრასა და ახალი რაკეტების მიწოდების ვადების შემცირებაზე იმსჯელებენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტებისა და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოების ტემპის გაზრდას მოითხოვს.
რაც შეეხება არსებულ გამოწვევებს, ვაშინგტონში სამხედრო მარაგების შემცირების ტემპზე შეშფოთება უკვე რამდენიმე თვეა იზრდება. Associated Press-ის ანალიზის თანახმად, გარკვეული სახის წამყვანი შეიარაღების მარაგების სრულად შევსებას არსებული ტემპებით შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.
საყურადღებოა, რომ ამ მოსაზრებას აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი არ ეთანხმება. ჰეგსეტის განცხადებით, კრიტიკული დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ანალიტიკოსები აზვიადებენ. მდივანი მიიჩნევს, რომ ამერიკულ არმიას გლობალური ვალდებულებების შესრულების უნარი კვლავ აქვს.
ცნობისთვის, ამერიკული არმიის მარაგების შემცირება ირანთან დაკავშირებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ მრავალთვიან სამხედრო კამპანიას უკავშირდება. ამ ოპერაციების მსვლელობისას სამხედროებმა მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის რაკეტები მასშტაბურად გამოიყენეს.




























