მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის 19 წლის ვაჟის ქონება მელანია ტრამპისას აღემატება - რას გამოიმუშავებს ბარონ ტრამპი?

ბარონ ტრამპი

$150 მილიონ დოლარად შეფასებული ქონებით, ბარონ ტრამპი სიმდიდრით უკვე უსწრებს დედამისს, მელანია ტრამპს, რაც დიდწილად ოჯახის ციფრული აქტივების მართვაში მისი მონაწილეობით არის განპირობებული.

აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, 19 წლის ბარონ ტრამპის ქონება სწრაფი ტემპით იზრდება და, ბოლო გამოთვლებით, $150 მილიონს შეადგენს. ბარონის ქონება ტრამპთა საოჯახო კრიპტობიზნესის, World Liberty Financial-ის (WLFI) დაწყების შემდეგ გაიზარდა. კომპანიის ამონაწერში ბარონ ტრამპი, უფროს ძმებთან ერთად, თანადამფუძნებლადაა მოხსენიებული.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში მისი წილის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ მხოლოდ კრიპტოვალუტის გაყიდვებიდან, 19 წლის ბარონ ტრამპმა უკვე მიიღო $80 მილიონის შემოსავალი. WLFI-ის 2.3 მილიარდი ტოკენის გაყიდვის შემთხვევაში კი, უმცროს ტრამპს $525 მილიონის მიღების პოტენციალი აქვს.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ბარონ ტრამპი პირველი იყო, ვინც ოჯახს კრიპტოვალუტის ბაზრის პოტენციალი გააცნო. სწორედ მისივე ინიციატივით დააფუძნა ოჯახმა WLFI-ც.

ამასთან, ბარონ ტრამპი არ ყოფილა პრეზიდენტის ერთადერთი ვაჟი, რომლის ქონებაც ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. Forbes-ის თანახმად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორედ ვადით მოსვლის შემდეგ, მისი შვილები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

კერძოდ, ერთ წელიწადში დონალდ ტრამპ უმცროსის ქონება 10-ჯერ გაიზარდა და $500 მილიონს მიაღწია; კრიპტოვალუტების ბაზარი კიდევ უფრო მოგებიანი ერიკ ტრამპისთვის აღმოჩნდა, რომლის ქონებაც, ამავე პერიოდში, $40 მილიონიდან $750 მილიონამდე გაიზარდა.

მიუხედავად კოლოსალური რიცხვებისა, კრიპტოვალუტებით ვაჭრობით ყველაზე დიდი სარგებელი თავად დონალდ ტრამპ უფროსმა მიიღო. მხოლოდ მისმა ინვესტიციებმა აშშ-ის პრეზიდენტს $2 მილიარდი მოუტანა, ჯამურმა მოგებამ კი $3 მილიარდი შეადგინა. ამ შედეგით ტრამპის ქონება $7.3 მილიარდამდე გაიზარდა და პრეზიდენტი აშშ-ის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა რეიტინგში 201-ე პოზიციაზე დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები